... (Q-296), XVIII ს.

916. აწ შემიხვეწე ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა

917. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილ ვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მომხდომია მით ვარ ხელად

918. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

919. ღმერთსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელიგქნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეთ მე სულ ამომხადენით

920. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

921. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქნია გული ავლად არას ვარგებ არ დავსდგები სხვა ვიუბნო რაღა მრავლად

922. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისით კითხვით წამოსრულვარ არ მთრვალი ვარ და არ მახმურად აწ შევიქცე რა ვუამბო რად მოჴველო ჯაბან ჴდლურად

923. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერა შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

924. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდეს გამაგრდიარ მოჰკვდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

925. ამის მეტსა არას გნუკავ წელიწადსა ერთსა მზგეფსა აქავ ქვაბსა მამნახვიდე მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ჰყეფსა

926. ამა დროსა გარდავსცილდე აქავ ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვდე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

927. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირ უთყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყე მბუნავი

928. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამიმეტდეს არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყუეს საყვარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

929. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქმ მრჯის რაზომც გინდა ხელობა უშენოდ მამხვდეს რაღა ვიქ არ დია დღეთა გრძელობა

930. საუბარი გარდასწყვიდეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი

931. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან რა გლახ ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია

932. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მა ლომთა მიწყივ მჴეც ქმნილთა თავნი მჴეცთავე ალამნეს

933. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი ვა სა სიცოცხლისა თმენანი

934. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთად იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანეთისა შორს ყოფნა იტირეს იმგლოვიარეს

935. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორვე შენ ფრიდონ მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა