ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

889. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; და არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

890. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რადგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა: სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამჴრის არ ლევასა, და ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

891. “სამჴრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი! და პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,

892. “თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნაჴმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქმნილი ჴმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიჴდილი ცნობისა, და გლახ, დაგიგდია, არ ნახავ? შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

893. მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად: საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად ჭვრეტად; მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად, და რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

894. დამორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამილბარი. ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი: კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი. და გველსა ჴურელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

895. ამას ეტყუის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა: და არ იჴმარებ, რას ჴელსა ჰჴდი საუნჯესა დაფარულსა?

896. “არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების. მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების. და ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხუდების”.

897. მოაჴსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, გონიერთა მწურთელი უყვარს, უგუნურსა გულსა გმირდეს, მაგრა რა ვქნა, რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს! და შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

898. “ცვილსა ცეცხლის სიმჴურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; რაცა ვის რა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, და თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ავთანდილის ლომ-ვეფხის დაჴოცისა

899. “რა წამეკიდა, ყველაი წურილად გიამბო ენითა, მერმე ღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, და ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა.

900. “ამა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მამეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, გვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, და მათ რა უყუეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

901. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხვი მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, და და ლომი სდევს, ვეფხვვი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

902. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს, გამორიდნა ვეფჴმან გული, დედათამცა განარიდნეს! და ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

903. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ჴრმალ გამოწუდილი გაუჴე, მივეც ლახვართა სობასა, და თავსა გარდავჰკარ, მოცავჰკალ, დავჴსენ სოფლისა თმობასა.

904. ჴრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა; მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭყალითა სისხლთა მღურელითა, და ვეღარ გაუძელ, იგიცა მოვჰკალ გულითა ხელითა.

905. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყუიდე; მამეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე; და სულნი სრულად არ ამომჴდეს, რას გიკუირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!

906. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკუირდა? სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდეს”. და ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ თქნა, აცატირდა.

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა