... (H-741), XIX ს.

1003. მართალ არს შენი გამყრელი: თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა: დღეს წაუვალი ვერა ვარ: მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა: დგომა მგზავრისა ცთომაა: კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა: სადა გინახავს იგი მზე: წამომყევ ზღვისა კიდესა:

1004. ფრიდონ უთხრა დასაშლელი: ჩემგან არა არ გეთხრობის: ვიცი რომე აღარა გცალს: შენ ლახვარი სხვა გესობის: წადი ღ~თი გიწინამძღვრებს: შენი მტერი დაემჴობის: მაგრა თქვი თუ უშენობა: ჩემგან ვითა დაითმობის:

1005. ამას გკადრებ არ ეგების: მარტოსაგან წასლვა შენი: თანა ყმათა წამოგატან: იმსახურენ იახლენი: აბჯარი და საქონელი: ერთი ჯორი ერთი ცხენი: არ წაიტან გაირჯები: ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი:

1006. მოასხნა ოთხნი მონანი: მისანდობელნი გულითა: სრული აბჯარი საკაცო: ქაფითა საბარკულითა: სამოცი ლიტრი წითელი: აწონით არ ნაკლულითა: ერთი ტაიჭი უებრო: მით უნაგრითა სრულითა:

1007. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა: საგებელი აუკიდა: წავიდა და ფრიდონ შეჯდა: მასთანავე გამოვიდა: აწ გაყრისა მომლოდნესა: ედებოდა ცეცხლი ჰსწვიდა: მოსთქვამს თუმცა მზე გვიახლა: ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა:

1008. ზარი მის ყმისა გაყრისა: გახდა მიეცნეს წუხილსა: მოატყდეს მოქალაქენი: ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა: ხმა ზახილისა მათისა: გვანდა აერთა ქუხილსა: იტყოდეს მზესა მოვშორდით: მო თვალნი მივსცეთ წუხილსა:

1009. ქალაქი გავლეს მივიდეს: პირსა დიდისა ზღვისასა: მაშინ ფრიდონის ნახულსა: ნასაჯდომევსა მზისასა: მუნ დაადენდეს ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა: ფრიდონ უამბობს ამბავსა: მის მნათობისა ტყვისასა:

1010. აქა მათ ორთა მონათა: მზე მოიყუანეს ნავითა: კბილ თეთრი ბაგე ბალახში: სახედავითა შავითა: ცხენი გავქუსლე გავაგე: წაგვრა ხლმითა და მკლავითა: შორს მნახეს ადრე გამექცეს: ნავი მფრინველე ჩნდა ვითა:

1011. მოეხვივნეს ერთმანერთსა: გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი: აკოცეს და გაუახლდეს: მათ ორთავე მათნი წვანი: გაიყარნეს გაუყრელნი: ძმად ფიცნი და ვითა ძმანი: ფრიდონ დადგა ყმა წავიდა: შემხედველთა მკვლელი ტანი:

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად:

1012. ყმა მიმავალი მიუბნობს: მსგავსი მთვარისა სრულისა: არს თინათინის გონება: მისად სალხენად გულისა: იტყვის მოგშორდი სიცრუვე: ვაი საწუთროსა კრულისა: შენ გაქვს წამალი ჩემისა: მამრთელებელი წყლულისა:

1013. რად სიცხე გულსა ნიადაგ: მწვავს გმირსა სამსალებისა: რად გული კლდისა ტინისა: შემქნია სამ სალებისა: არ შეუძლია ლახვარსა: დაჩენა სამსა ლებისა: შენ ხარ მიზეზი სოფლისა: ასრე გასამსალებისა:

1014. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა: მივა ოთხითა მონითა: წამალსა ტარიელისსა: ეძებს ყოვლითა ღონითა: დღისით და ღამით მტირალი: იღვრების ცრემლთა ფონითა: ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა: მისვე ჩალისა წონითა:

1015. სადაცა ნახნის ეუბნის: მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი: ჰკითხის მის მზისა ამბავი: დღენი ვლნა გაასებულნი: ქედსა გარდადგა აქლემნი: აუჩნდა ლარ კიდებულნი: მოქარავნენი ზღვის პირსა: დაყრით დგეს შეჭირვებულნი:

1016. მუნ ქარავანი ურიცხვი: მოსდგმოდა ზღვისა კიდესა: შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს: ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა: ყმამან სალამი უბრძანა: ქებასა შეასხმიდესა: ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ: მათ საუბარი ჰკიდესა:

1017. უსამ იყო ქარავნისა: უხუცესი კაცი ბრძენი: მოახსენა ხოტბა სრული: დალოცა და უქნა ზნენი: ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და: შენ ამოხე ჩვენი მლხენი: ჩამოხე და მოგახსენოთ: ამბავი და საქმე ჩვენი:

1018. გარდახდეს ჰკადრეს ჩვენ ვართო: მობაღდადენი ვაჭარნი: მაჰმადის სჯულის მჭირავნი: აროდეს გვისვამნ მაჭარნი: ზღვათა მეფისა ქალაქსა: სავაჭროდ გარდმონაჭარნი: საქონელ სრულნი მდიდარნი: არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი:

1019. ჩვენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა: კაცი უსულოდ მდებარე: უშველეთ ენა მოეცა: სიტყვისა გამომგებარე: ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო: რასა საქმისა მძებარე: გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ: კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1020. თქვა ქარავანი ეგვიპტით: გამოვემართეთ ერითა: ზღვასა შევედით ტვირთულნი: ლარითა მრავალ ფერითა: მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს: ძელის საჴნისის წვერითა: ყველაი წახდა არ ვიცი: აქა მოსრულვარ მე რითა:

1021. ლომო და მზეო ესეა: მიზეზი აქა დგომისა: დაბრუნდეთ გვეცემის: ზიანი ას საზომისა: შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ: ძალი არა გვაქვს ომისა: ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ: ღონე წაგვსვლია რჩომისა: