... (H-741), XIX ს.

1134. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა: ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან: თუცა მეკითხა ვინა ხარ: ეგრე გასრული რისაგან: მჩქეფრად სისხლისა ნაკადი: მოსდის ალვისა ხისაგან: მას ხორციელი არ გასძლებს: სხვა კიდეგანი ქვისაგან:

1135. არად უნდის საბურავი: არცა წოლა საგებლითა: მიწყივ იყვის რიდითა და: მით ერთითა ყაბაჩითა: მკლავი მისი სასთაუნალად: მიიდვის და მიწვის მითა: ძლივ ვაჭამი ცოტა რამე: ათასითა შეხვეწითა:

1136. სხვა გიამბო საკვირველი: რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მნახავი ყოვლისავე: უცხოსა და ძვირ ფასისა: მაგრა მისი არა ვიცი: ქნილი იყო რაგვარისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა: და სიმტკიცე ნაჭედისა:

1137. მან ტურფამან სახლსა ჩემსა: ეგრე დაჰყო ხანი დიდი: ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა: შესმენისა მქონდა რიდი: ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს: გამამჟღავნებს ისი ფლიდი: ესე მეყო საგონებლად: კვლავ შევიდი კვლავ გავიდი:

1138. ვჰსთქვი თუ არ უთხრა რა უყო: ჩემგან რა მოეგვარების: არცა რა ვიცი რა უნდა: რა ვისგან მოეხმარების: ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს: ვეღარა მომეფარების: ვითა დავმალო ნათელი: ვინ მზესა დაედარების:

1139. მე გლახ მარტომან რა უყო: მიმატებს ცეცხლთა დებასა: მო და გავანდო ნუ შევალ: უსენის შეცოდებასა: არ გამამჟღავნოს ვაფიცო: თუ მამცემს იმედობასა: სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს: ფიცისა გაცუდებასა:

1140. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა: ველაღობე ველაციცე: მერმე უთხარ გითხრობ რასმე: მაგრა პირველ შემომფიცე: არვის უთხრა სულიერსა: საფიცარი მამეც მტკიცე: ფიცი ჰფიცა საშინელი: თავიცაო კლდეთა ვიცე:

1141. რაცა მითხრა სიკვდილამდის: არვის უთხრა სულიერსა: არა ბერსა არა ყმასა: მოყვარესა არცა მტერსა: მერე უთხარ ყველაკაი: უსენს კაცსა ლმობიერსა: მოდი მომყევ აქა სადმე: მო გიჩვენებ მზისა ფერსა:

1142. ადგა ამყვა და წავედით: შევლენით კარნი სრისანი: უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა: რა შუქნი ნახნა მზისანი: თქვა რა მიჩვენე რა ვნახე: რანია ნეტარ რისანი: თუ ხორციელი არისმცა: თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი:

1143. ვსთქვი თუ არცა რა მე ვიცი: ამისი ჴორციელობა: რაცა არ გითხარ მის მეტი: მაქვს არა მეცნიერობა: მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის: ვისგან სჭირს ისი ხელობა: ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ: ქნას დიდი ლმობიერობა:

1144. მივედით გვქონდა ორთავე: კრძალვა მისისა კრძალისა: ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი: გვედების შენგან ალისა: გვითხარ რა არის წამალი: მთვარისა შუქ ნამკრთალისა: რას შეუქნიხარ ზაფრანად: შენ ფერად მსგავსი ლალისა:

1145. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით: ესმა ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა: გველნი მოშლით მოეკეცნეს: ბაღი შეღმა შერაშენდა: მზე ვეშაპსა დაებნელა: ზედა რამცა გაგვითენდა:

1146. ვერა დავყარეთ პასუხი: ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი ავაზა პირ ქუშად: ზის წყრომა ვერ უგრძენითა: კვლაცა ვაწყინეთ ატირდა: მჩქეფრად ცრემლისა დენითა: არა ვიციო მიმიშვით: ეს ოდენ გვითხრა ენითა:

1147. დავსხედით და მის თანავე: ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ: რაცა გვეთქვა შევინანეთ: სხვამცა რაღა შევიწამეთ: ძლივ ვიაჯეთ დადუმება: დავადუმეთ დავაამეთ: ჩვენ მივართვით ხილი რამე: მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ:

1148. უსენ იტყვის ბევრ ათასნი: ჭირნი ამან ამიხოცნეს: ესე ღაწვნი მზისად კმამან: კაცთაგანმცა ვით იკოცნეს: უმართლეა ვერა მჭვრეტელმან: თუ პატიჟნი იასოცნეს: მე თუ შვილნი მირჩევნიან: ღ~თნ იგი დამიჴოცნეს:

1149. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი: წამოვედით სულთქმით ახით: შეყრა გვიჩნდა სიხარულად: გაყრა დიდად ვივაგლახით: ვაჭრობისა საქმისაგან: მოვიცალით იგი ვნახით: გული ჩვენი გაუშვებლად: დაეტყვევნეს მისით მახით:

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე:

1150. რა გარდახდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი: უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანდიდგან მეფე ჩვენი: მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი: მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანებაა ეგე თქვენი:

1151. უსენ ტაბაკსა დააწყო: მარგალიტი და თვალები: დავვედრე დარბაზს დაგხვდების: დარბაზის ერი მთვრალები: ამა ქალისა ამბავსა: მამკალ თუ არ ეკრძალები: კვლავ შემამფიცა არ ვიტყვი: თავსაცა მეცეს ჴრმალები:

1152. უსენ მოვიდა ხელმწიფე: დახვდა ნადიმად მჯდომელი: უსენ არიფი მეფისა: და მეფე მისი მდომელი: წინა მივიდა შეიძღვნა: ძღვენი მიართვა რომელი: აწ ნახო მთვრალი ვაჭარი: ცქაფი უწრფელი რომელი: