... (H-741), XIX ს.

947. მოდი მარიხო უწყალოდ: დამჭარ ლახურითა შენითა: შეცამღებე და შემსვარე: წითლად სისხლისა დენითა: მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი: მას გააგონენ ენითა: როგორ გასრულვარ შენ იცი: გულია აღარს ლხენითა:

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან:

948. მოდი ასპიროზ მაგრე რა: მან დამწვა ცეცხლთა დაგითა: ვინ მარგალიტსა გარეშე: მოსცავს ძოწისა ბაგითა: შენ დააშვენებ კეკლუცთა: დაშვენებითა მაგითა: ვისმე ჩემებრსა დააგდებს: გაჰხდი ცნობითა შმაგითა:

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან:

949. ოტარიდო შენგან კიდე: არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს: შემიყრის და მიმცემს წვასა: დაჯე წერად ჭირთა ჩემთა: მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა: კალმად გიკვეთ გაწლობილსა: ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა:

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან:

950. მოი მთვარეო შემიბრალე: ვილევი და შენებრ ვმჭლდები: მზე გამავსებს მზევე გამლევს: ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები: მას უამბენ სჯანი ჩემნი: რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები: მიდი უთხარ ნუ გამწირავ: მისი ვარ და მისთვის ვჰკვდები:

951. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი: შვიდნივე მემოწმებიან: მზე ოტარიდი მუშთარი: და ზუალ ჩემთვის ბნდებიან: მთვარე ასპიროზ მარიხი: მოვლენ და მოწმად მყვებიან: მას გააგონენ რანიცა: ცეცხლი უშენოდ მდებიან:

952. აწ გულსა ეტყვის ვითამცა: გდის ცრემლი არ გაგჴმობია: რას გარგებს მოკლვა თავისა: ეშმა ძმად თურე გძმობია: მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა: თმად ყორნის ბოლო სთმობია: მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ: ლხინი რა დასათმობია:

953. თუ დავრჩეო ესე მიჯობს: სიცოცხლისა იტყვის თუსა: ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა: ნუ ვიძახი მიწყივ უსა: მიიმღერის ხმასა ტკბილსა: არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა: მისსა ხმისა თანა ხმაცა: ბულბულისა ჰგვანდის ბუსა:

954. რა ესმოდის მღერა ყმისა: სმენად მხეცნი მოვიდიან: მისვე ხმისა სიტკბოსაგან: წყლით ქვანიცა გამოსხდიან: ისმენდიან გაკვირდიან: რა ატირდის ატირდიან: იმღერს ხმითა საბრალოთა: ღვარისაებრ ცრემლნი სდიან:

955. მოვიდიან შესამკობლად: ქვეყნით ყოვლნი სულიერნი: ტყით ნადირნი წყალში თევზნი: ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი: ჰინდო არაბ საბერძნეთით: მაშრიყით და მაღრიბელნი: რუსნი სპარსნი მოფრანგენი: და მისრეთით მეგვიპტელნი:

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა:

956. ყმა მტირალი სამოცდათ დღე: ზღვისა პირსა მივა გზასა: შორით ნახა მენავენი: მოდიოდეს შიგან ზღვასა: მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ: თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა: ეს სამეფო ვისი არის: ან მორჩილობს ვისსა ხმასა:

957. მათ მოახსენეს ტურფაო: სახით და ანაგებითა: გვეუცხოვე და გვეკეთე: მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღვარი თურქთაა: მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა: ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ: თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა:

958. ნურადინ ფრიდონ მეფეა: ამა ქვეყნისა ჩვენისა: მოყმე მხნე უხვი ძლიერი: ფიცხლად მამხტომი ცხენისა: ვნება არავის არ ძალუც: მის მზისა ოდნად მშვენისა: იგია ჩვენი პატრონი: მსგავსი ცით შუქთა ფენისა:

959. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო: კარგთა კაცთა გარდგეკიდე: მე მეფესა თქვენსა ვეძებ: მასწავლეთ თუ სით წავიდე: რა ვიარო ოდეს მიხვალ: ან გზასა აქვს რა სიდიდე: მენავეთა უწინამძღურეს: არ დააგდეს ზღვისა კიდე:

960. მოახსენეს ესე გზაა: მულღაზანზარს მიმავალი: მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი: მშვილდ ფიცხელი მახვილ ხრმალი: აქადაღმე ათ დღე მიხვალ: ნაკვთად სარო ფერად ლალი: ვაი რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ: რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი:

961. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო: რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი: ანუ ეგრე ვით გეკეთნეს: ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი: თქვენმცა მაშინ გენახენით: ლაღნი ვსხედით არ საპყრულნი: ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით: ჩვენგან სხდიან მხიარულნი:

962. იგი წავიდა დაბრუნდა: ყმა გზასა თავის წინასა: ვისი ჰგავს ტანი საროსა: და ვისი გული რკინასა: მიაცურვებს და მიუბნობს: მოსთქვამს მისსავე ლხინასა: ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს: ჩარცხის ბროლსა და მინასა: