... (H-741), XIX ს.

963. ვინცა გზას ნახნის უცხონი: მსახურებდიან ჰყმობდიან: მოვიდოდიან საჭვრეტლად: მას ზედა სტრფიალობდიან: ეძნელებოდის გაშვება: გაყრასა ძლივ დასთმობდიან: გზის ყულაოზი მისციან: ჰკითხის რა უამბობდიან:

964. მულღაზანზარს მიეახლა: ადრე დალევს გზასა გრძელსა: მინდორს ნახა სპა ლაშქართა: და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა: ყოვლგნით ალყა შემოეკრა: მოსდგომოდეს გარე ველსა: ისვრიან და იზახიან: მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა:

965. კაცი ემთხვია მას ჰკითხა: ამბავი მის ლაშქარისა: უბრძანა ისი ვისია: ხმა ზათქისა და ზარისა: მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე: მეფე მულღაზანზარისა: იგი ნადირობს შეუკრავს: ნაპირი ველ შამბნარისა:

966. მათ ლაშქართაკენ წავიდა: მით უსახოთა ქცევითა: გამხიარულდა მის ყმისა შვენება: ვთქვიმცა მე ვითა: მისთა შემყრელთა დააზრობს: შემყრელთა დასწვავს მზე ვითა: ნახვა მჭვრეტელთა აახლებს: ტანი ლერწამობს ხე ვითა:

967. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა: ორბი სითმე გარდმოფრინდა: ყმამან ცხენი შეუტევა: გაამაყდა არ შეშინდა: შესტყორცნა და ჩამოაგდო: დაეცა და სისხლი სდინდა: გარდახდა და ფრთენი დასჭრნა: წყნარად შეჯდა არ აქშინდა:

968. იგი რა ნახეს მესროლნი: სროლასა მოეშლებოდეს: ალყა დაშალეს მოვიდეს: მოეხვეოდეს ბნდებოდეს: იქით და აქათ უვლიდეს: ზოგნი უკანა ჰყვებოდეს: ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო: ვერცა რას ეუბნებოდეს:

969. მინდორსა შიგან გორი დგა: ფრიდონ მას ზედა დგებოდა: ღირსი მას თანა სროლასა: ორმოცი კაცი ხლებოდა: მუნ დაემართა ავთანდილ: მას თანა ყოლბი ჰყვებოდა: ფრიდონს უკვირდა რა ქნესო: მისთა სპათათვის წყრებოდა:

970. ფრიდონ მონა გამოგზავნა: წა ნახეო ისი სპანი: რა ჰქმნეს ალყა რად დაშალეს: სად წადიან ვითა ბრმანი: მონა ფიცხლავ მოეგება: ნახა სარო მორჩი ტანი: დადგა თვალნი გაურეტდა: დაავიწყდეს სიტყვის თქმანი:

971. ავთანდილ ცნა თუ ისია: მოამბედ ჩემად რებული: უთხრა არქვ შენსა პატრონსა: ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი: სამყოფთა მოშორვებული: ძმად ფიცი ტარიელისა: თქვენს წინა მომგზავრებული:

972. მონა წავიდა ფრიდონის: თხრობად ამბვისა მისისად: უთხრა მზე ვნახე მოსრული: ჩანს მანათობლად დღისისად: ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ: თუ ბრძენთა ნახონ ისი სად: ვარ ძმაო ტარიელისა: შეყრად ფრიდონის მქისისად:

973. რა ტარიელ მოისმინა: ფრიდონს ჭირი უსუბუქდა: თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: გული უფრო აუჩუქდა: მონაქროლმან ვარდი დაზრა: წამწამთაგან ბუქი ბუქდა: შეიყვარნეს ერთმანერთი: მათგან იქო არ გაუქდა:

974. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო: ჩაეგება ფრიდონ წინა: რა შეხედნა და ესე თქვა თუ: არ მზეაო ისი ვინა: მას მეტობდა რაცა ქება: მონისაგან მოესმინა: ერთმანერთსა გარდაუჴდეს: ლხინმან ცრემლი აფრქევევინა:

975. მოეხვივნეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდონ: თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და: მოეწონა ყმასა ფრიდონ: რა მჭვრეტელთა იგი ნახონ: მზე მათთანა გააფლიდონ: მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ: ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ:

976. ფრიდონისებრნი მოყმენი: ვინმცა ვით ვინ ეგებიან: მაგრა მას ახლავს ქებანი: მართ მეტი არ მიხვდებიან: მზე უჩინო იქს მნათობთა: რა ახლოს შეიყრებიან: დღისით ვერ ნათობს სანთელი: და ღამით შუქნი ჰკრთებიან:

977. ცხენთა შესხდეს გაემართნეს: ფრიდონისსა მივლენ სრასა: დაიშალა ნადირობა: მოეშალნეს მხეცთა სრვასა: ავთანდილის ჭვრეტად სპანი: იქი აქათ იქმან ჯრასა: თქვეს ასეთი ხორიცელი: შეუქმნია რაგვარ რასა:

978. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი: ვიცი ამბისა თხრობასა: გიამბო ვინ ვარ სით მოვალ: ვინადგან ლამი ცნობასა: ანუ სით ვიცნობ ტარიელს: ანუ რად ვიტყვი ძმობასა: იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო: თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა:

979. მე ვარ ყმა როსტან მეფისა: მოყმე არაბეთს ზრდილობით: დიდი სპასპეტი სახელად: მიხმობენ ავთანდილობით: ძე დიდებულთა დიდ გვართა: ზრდილი მეფეთა შვილობით: საკრძალავი და უკადრი: მყოფი არვისგან ცილობით:

980. დღესა ერთსა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდა: მინდორს ვნახეთ ტარიელი: ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა: გაგვიკვირდა გვეუცხოვა: ვაწვიეთ და არ მოვიდა: ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით: მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა:

981. მეფემან სპანი შეპყრობად: შეუზახნა და სწყრებოდა: მან უჭირველად დახოცა: ომი არ მისჭირდებოდა: ზოგსა მხარ თეძო დალეწა: და ზოგთა სული ხდებოდა: მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა: რომე არ დაბრუნდებოდა:

982. მან სპათაგან ვერ შეპყრობა: სცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა: თვით შესხდეს და შეუტივეს: ამაყთა და არას მკრთალთა: რა ტარიელ მეფე იცნა: მუნღა დაკრთა მათთა ხრმალთა: ცხენსა მისცნა სადავენი: დაგვეკარგა წინა თვალთა: