... (H-741), XIX ს.

932. მათ ყმათა მუნით წასულთა: იგი დღე ერთად იარეს: ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს: არ ხმელთა არე იარეს: არ გაიყარნეს მას ღამით: კვლავ ცეცხლი გაიზიარეს: ერთმანერთისა შორს ყოფა: იტირეს იმგლოვიარეს:

933. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: რუ გახმა ცრემლთა დენისა: რად მოიშორე შენ ფრიდონ: მამცემი ამა ცხენისა: მუნით იცნობის ანბავი: ღონე მის მზისა მშვენისა: აწ მე მუნ მივალ მასწავლე: გზა ძმად ფიცისა შენისა:

934. ტარიელ სიტყვით ასწავლის: მხარსა ფრიდონის გზასასა: მართ გააგონა რაც ოდენ: შეეძლო ძალსა თქმისასა: აღმოსავლითკენ წადიო: პირსა იარე ზღვისასა: თუ ნახო ჩემი უამბე: გკითხავს ამბავსა ძმისასა:

935. თხა მოკლეს და მიითრიეს: ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა: სვეს და ჭამეს რაცა ჭამა: შეჰფერობდა მათსა ჭირსა: მას ღამესა ერთად იყვნეს: ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა: ვგმობ მუხთალსა საწუთროსა: ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა:

936. ცისკრად ადგეს გასაყრელად: ერთმანერთსა მოეხვივნეს: მაშინ მათგან ნაუბარნი: დადნეს ვინცა მოისმინეს: თვალთა ვითა წყაროს თვალნი: ცრემლი ველთა მოადინეს: დიდხანს დგანან შეჭედილნი: მკერდი მკერდსა შეარკინეს:

937. გაიყარნეს ტირილით და: პირსა ხოკით თმათა გლეჯით: ერთი აღმა ერთი დაღმა: უგზო მივლენ შამბთა ეჯით: ვირემ უჩნდა ერთმანერთი: იძახდიან პირსა ბღნეჯით: იგი ნახოს დაღრეჯილი: მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით:

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა:

938. ვაი სოფელო რაშიგან ხარ: რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა: ყოვლიმც შენი მონდობილი: ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა: სად წაიყვან სადაურსა: სად აღუფხვრი სადათ ძირსა: მაგრამ ღ~თი არ გასწირავს: კაცსა შენგან განაწირსა:

939. ავთანდილ მისი გაყრილი: ტირს ხმა მისწვდების ცათამდის: იტყვის თუ ღვარი სისხლისა: კვლაცა მდენია კვლაცა მდის: აწ აგრე გაყრა ძნელია: ვით მაშინ შეყრა ცათამდის: კაცი არ ყველა სწორია: დიდი ძეს კაცით კაცამდის:

940. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს: ცრემლითა მუნ ნატირითა: ვერ დაივსებდა სახმილსა: იწვის ცეცხლითა ჴშირითა: კვლავ თინათინის გონება: ავსებს უფროვე ჭირითა: ბაგეთა ვარდი ანათობს: ბროლი ძოწისა ძირითა:

941. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა: ალვისა შტო ირხეოდა: ბროლი და ლალი გათლილი: ლაჟვარდად გარდიქცეოდა: გამაგრებოდა სიკვდილსა: ამისთვის არ უმჴნეოდა: იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს: რადგან დამაგდე მზეო და:

942. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი: თინათინის ღაწვთა დარად: შენ მას ჰგავ და იგი შენ გავს: თქვენ ანათებთ მთა და ბარად: ხელსა მალხენს ნახვა შენი: ამად გიჭვრეტ არ დამცდარად: მაგრა ჩემი რად დააგდეთ: გული ცივად გაუმთბარად:

943. თვე ერთისა მოშორება: მზისა ზამთრის გაგვამცივებს: მე გლახ ორნი დამიყრიან: გული ამად რად არ ივნებს: მაგრა კლდესა არა შესწონს: არაოდეს არ ატკივნებს: წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს: გაჰკვეთს ანუ გაასივნებს:

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა:

944. მიმავალი ცასა შესტირს: ეუბნების ეტყვის მზესა: აჰა მზეო გიაჯები: შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა: ვინ მდაბალთა გაამაღლებ: მეფობასა მისცემ სვესა: მე ნუ გამყრი საყუარელსა: ნუ შემიცვლი ღამედ დღესა:

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან:

945. მო ზუალო მამიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა: გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ჴშირსა: შემოჰყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა: მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთვის ტირსა:

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან:

946. ჰე მუშთარო გიაჯები: შენ მართალსა ბრჭესა სრულსა: მო და უყავ სამართალი: გაებჭობის გული გულსა: ნუ ამართლებ უმართლესა: ნუ წაიწყმედ ამით სულსა: მართალი ვარ გამიკითხე: რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა:

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან: