... (H-741), XIX ს.

1115. უკმოვახვენ სარკმელნი და: შევაქცივე პირი ზღვასა: ვიხედვიდი ვიქარვებდი: კაეშნისა ჩემგან ზრდასა: შორს ამიჩნდა ცოტა რამე: მოცურვედა შიგან ზღვასა: მფრინველად ვჰყავ ანუ მხეცად: სხვას ვამზგავსე მემცა რასა:

1116. მე შორიდამ ვერად ვიცან: მამეახლა იყო ნავი: ორთა კაცთა ტანად შავთა: თვით პირიცა ედგა შავი: იქით აქეთ მოსდგომოდეს: ახლოს უჩნდა ოდენ თავი: გამოიღეს გამიკვირდეს: იგი უცხო სანახავი:

1117. გამოზიდნეს იგი ნავი: გამოიღეს ბაღსა წინა: მიიხედნეს მოიხედნეს: ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა: ვერა ნახეს სულიერი: ვერცა რამან შეაშინა: მე იდუმალ ვიხედვიდი: სულ ღებული ვიყავ შინა:

1118. მით ნავიდაღმან მათ რომე: გარდმოსვეს კიდობანითა: აჰხადეს ქალი გარდმოხდა: უცხოთა რათმე ტანითა: თავსა რიდითა შავითა: ქვეშეთ მოსილი მწვანითა: მზესა სიტურფით ეყოფის: იყოს მისითა გვანითა:

1119. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ: შემოადგეს სხივნი კლდესა: ღაწვთა მისთა ელვარება: ელვარებდა ხმელთა ზესა: დავიწუხენ თვალნი ყოლა: ვერ შევადგენ ვითა მზესა: უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ: მათი ჭვრეტა ვერა ცნესა:

1120. მოვიხმენ ოთხნი მონანი: ჩემსა წინაშე მდგომელნი: უჩვენე ჰხედავთ ინდოთა: ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი: ჩაეპარენით ჩადითო: წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი: მოგყიდონ ფასი მიეცით: რისაცა იყვნენ მდომელნი:

1121. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ: წაგვარეთ და დახოცენით: მოიყვანეთ ისი მთვარე: ჰქმენით კარგად ეცადენით: ჩემნი ყმანი ზედა დაღმან: ჩაეპარნეს ვითა ფრენით: დაევაჭრეს არ მოჰყიდეს: შავნი ვნახენ მეტად წყენით:

1122. მე სარკმელთა გარდავადეგ: რა შევიგენ არ მოჰყიდეს: შეუზახენ დახოცენით: დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს: იგი ზღვასა შეასრივნეს: შემოადგეს ქალსა სცვიდეს: ჩავეგებე გამოვგვარე: ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს:

1123. რა გიამბო ქება მისი: რა სიტურფე რა ნაზობა: ვფიცავ რომე იგი მზეა: არა მართებს მზესა მზობა: ვინ გაიცდის შუქთა მისთა: ვინმცა ვით ქნას ნახაზობა: მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ: არღა უნდა ამას მზობა:

1124. ესე სიტყვა დაასრულა: ფატმან იკრნა პირსა ხელნი: ავთანდილსცა აეტირნეს: გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი: ერთმანერთი დაავიწყდეს: მისთვის გახდეს ვითა ხელნი: ღვარმან ზედათ მონადენმან: გააწყალნა ფიფქნი თხელნი:

1125. მოიტირეს ყმამან უთხრა: ნუღარ გასწყვედ გაასრულე: ფატმან იტყვის მივეგებე: გული მისთვის ვაერდგულე: გარდუკოცნე ყოვლი ასო: თავი ამად მოვაძულე: ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა: შევეკვეთე გავესულე:

1126. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო: ანუ შვილი ვისთა ტომთა: ამა ზანგთა სით მოჰყვანდი: შენ პატრონი ცისა ხომთა: მან პასუხი არა მითხრა: მე სიტყვათა ესე ზომთა: ას ნაკეცი წყარო ვნახე: ცრემლთა მისთა მონაწთომთა:

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების შეტყობის ნდობა:

1127. რა მივაჭირვე კითხვითა: მეტითა საუბარითა: გულ ამოხვრჩით ატირდა: მით რამე ხმითა წყნარითა: ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა: მოსდის გიშრისა ღარითა: მისი მჭვრეტელი დავიწვი: გავხე გულითა მკვდარითა:

1128. მითხრა შენ ჩემთვის დედაო: ხარ უმჯობესი დედისა: რას აქნევ ჩემსა ამბავსა: ზღაპარი არის ყბედისა: ღარიბი ვინმე შემსწრობი: ვარ უბედოსა ბედისა: თუ რაცა მკითხო ძალიმცა: გიგმია არსთა მხედისა:

1129. ვსთქვი უჟამოდ არ წესია: მოყვანა და მზისა ხმობა: მომყვანელი გაშმაგდების: და წაუვა ერთობ ცნობა: ხმობა უნდა ჟამიერად: სააჯოსა ყოვლსა თხრობა: რად არ ვიცი ამა მზისა: საუბრისა უჟამობა:

1130. ავიყვანე იგი პირმზე: ნაქები და ვერ ვჰთქვი უქი: სურვილმან და მზემან მისმან: ძლივ დავმალი მისი შუქი: ჩამოვბურე მრავალ კეცი: სტავრა მძიმე არ სუბუქი: ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: წამწამთაგან მოქრის ბუქი:

1131. მოვიყვანე შინა ჩემსა: იგი პირმზე ტანით ალვით: მოუკაზმე სახლი ერთი: შიგან დავსვი მეტად მალვით: არვის უთხარ სულიერსა: შევინახე ფარვით კრძალვით: ერთი ზანგი ვამსახურე: მე შევიდი ვნახი ხალვით:

1132. ვით გიამბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფა ქცევა: დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა: შევეხვეწი დადუმდიო: წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა: აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა:

1133. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები: შიგან მელნისა მორევსა: ეყრდნის გიშრის შუბები: ნილოსის ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები: შუა ძოწსა და აყიყსა: ჭვირს მარგალიტი ტყუბები: