ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

831. ამას მოთსქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა იამებოდის, და მას ამგზავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

832. მთვარესა ეტყუის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა! შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, და მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”

833. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდაჴდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, და კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

834. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახუდის კლდიანი, შეწუის, ჭამის და წავიდის პირმზე, გულ-მარიხიანი, და იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახიანი!”

835. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა; მიუბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა! ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭყლითა ნახოკარსა. და ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

836. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწუთების, ვით იამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების; ყმა გარდაჴდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების. და კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია იამების.

837. ყმა ქალსა ეტყუის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, ეტყუის: “რა წახველ, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; და აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

838. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყუის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა და ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყვა?"

839. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა, რად დავიწყდი, რა მივსცილდი? რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა? მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაჰპირდა? და მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!"

840. კვლა ქალი ეტყუის: “მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა: არ გული უნდა კაცისა ფიცისა გასრულებასა? და იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

841. გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან. და შენ არ გინახავნ, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან!

842. შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გაჴდა, ვითა გიამბო ცნობილსა! ენა დაშვრების, გაცვდების, გულსა შელამის ლმობილსა, და ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

843. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია: თუარ არ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შენაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია; და თვით რაცა ბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

844. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწუარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ქნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა”. მიბრძანა: “მოღამა მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა, და ამათ არეთა დავჰყრი, არ, არ გავსტეხ მას ქადებულსა.

845. “მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები, და ცოცხალი დავხუდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები”.

846. “ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მრჯის გამრავლება ხელ ქმნილსა სულ თქმისა ზედა ზედისა, და დავიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

847. “ესე არაკი მართალი ჩინეთს ქვას ზედან სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანაა, ვის წინას ვერ ვარდი გვანდის, ვერ ია; და თუღა მონახავ, მონახე, ქენ რაცა შენი ფერია”.

848. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად. მაგრა გაბრჭევ, რა მიქნია სამსახური ტყუესა ტყუისად: გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, და მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

849. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვიახელ, ვერ ვისურვეს, ვერ ვასურვენ; გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, და ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

850. “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მორჭმული, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი, მას უორგულე, წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი; და მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი?