ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

851. “ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, და ცუდ მაშვრალი და მტირალი ქუე ვზი პირითა მქისითა.

852. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავაადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, და თუარა ბედი ეზომ თურე მიკუეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!"

853. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გაჴდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზურვიდა; და “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

854. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წასაწყმედსა, და მოვჰკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა!

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა, მოთქმა და ტირილი

855. “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა, და სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

856. კვლა იტყვის: “მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, და აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ ტანისა”.

857. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი, ეძებს, უძახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ მდღემდის მოვლო მრავალი ჴევი, შამბნარი, ტყე, ველი; და ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერა ამბისა მცნეველი.

858. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ ბედსა ჩემსა? რა სასჯელი მამივლინე! გამკითხუელო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, და დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მამილხინე!”

პოვნა ავთანდილისგან დაბნედილი ტარიელისა, ლომ-ვეფხნი რომ დაეჴოცა

859. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი; ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი; და თქვა: “უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი”.

860. რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათლდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა; ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, და ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

861. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, და მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

862. ერთ კეძ უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლ მოცხებული, კვლა სხვაგან ვეფხი უსულო, მკვდარი, ქუე დანარცხებული; მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული. და მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

863. თვალთა აჴმადცა ზარედვა, სრულად მიჴდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელ დებით უყივის, ლამის სიტყვათა კრთობასა, და ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

864. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უყივის მართ სახელდებით სახელსა; ეტყუის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?” და მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ დაუფახელსა.

865. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა. და ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!

866. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეჴსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე. და მაგრა გვედრებ დამარხვასა, მჴეცთა საჭმლად არ მიმცე”.

867. ყმამან უთხრა: “რას შიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა? ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა? ვის უქნია შენი მგზავსი სხვათა კაცთა ნათესავსა? და რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

868. “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჴამს მამაცი მამაცური, – სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქუიტკირსა. და თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.