... (H-741), XIX ს.

836. შენ უმართლე ხარ ემდურვი: შენ გაეყარე ძმობილსა: მაგრა ვით ითქმის ვით გახდა: ვითა გიამბობ ცნობილსა: ენა დაშვრების გაცვდების: გულსა შეელმის ლმობილსა: ამას მით ვაზრობ მინახავს: მე უბედურსა შობილსა:

837. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი: არცა ვის ამბად სმენია: თუ არა კაცთა სასჯელი: ქვათაცა შენაძრწენია: დიჯლადცა კმარის მას რომე: თვალთაგან ცრემლი სდენია: თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია:

838. მას წამავალსა ვჰკითხევდი: დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა: მოვიდეს რა ჰქმნას ავთანდილ: მისსა დამვედრე დობულსა: მიბრძანა მოღმა მნახვიდეს: მე მისთვის გაცუდებულს: ამათ არ დავჰყრი არეთა: არ გაჰვსტეხ მის ქადებულსა:

839. მას ზენაარსა არ გაუტეხ: მას ფიცსა არ ვერცუები: მას პაემნამდის მოვიცდი: რაზომცა გამდის რუები: თუ მნახოს მანვე დამმარხოს: თქვას ვაგლახი და უები: ცოცხალი დავხვდე უკვირდეს: სიცოცხლე არს სათუები:

840. ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ: გაყრა მზისა და ქედისა: ოდენ მოდენა ცრემლისა: მჭირს ველთა მოსალბედისა: მსჯის გამრავლება ჴელქმნისა: სულთქმისა ზედა ზედისა: დავვიწყებივარ სიკუდილსა: ნახე ნაქმარი ბედისა:

841. ესე არაკი მართალი: ჩინს ქუასა ზედა სწერია: ვინ მოყუარესა არ ეძებს: იგი თავისა მტერია: აწ ზაფრანია ვის წინა: ვერ ვარდი გვანდის ვერ ია: თუღა მონახავ მონახე: ჰქმენ რაცა შენი ფერია:

842. ყმამან უთხრა უმართლე ხარ: არ მამართლო მდურვად მისად: მაგრა გაბჭევ რა მიქნია: სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით: ვით ირემი ძებნად წყლისად: მას ვეძებ და მას ვიგონებ: ვიარები ველთა ვლისად:

843. ბროლ სადაფნი მარგალიტსა: ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ: მას მოვშორდი ვერ ვიახელ: ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ: გამოპარვით წამოსვლითა ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ: ნაცვლად მათთა წყალობათა: მათნი გულნი შევაურვენ:

844. პატრონი ჩემი გამზრდელი: ღ~თსაგან დიდად ცხოველი: მშობლური ტკბილი მოწყალე: ცა წყალობისა მთოველი: მას უორგულე წამოველ: მართ დავივიწყე ყოველი: მისი შემცოდე ღ~თისაგან: კარგსა არაღას მოველი:

845. ესე ყველაი ასრე მჭირს: დაო ბედითა მისითა: არ უტყუვე და მოვსულვარ: მგზავრი ღამით და დღისითა: აწ იგი სადმე წასულა: ვიწვი ცეცხლითა ვისითა: ცუდ მაშურალი და მტირალი: ქვე ვზი პირითა მქისითა:

846. დაო მეტსა საუბარსა: აღარ მამცემს ჟამი და დრო: არ ვინანი გარდასრულსა: ბრძენთა სიტყვა გავაადრო: წავალ ვსძებე ანუ ვპოვებ: ან სიკვდილი მოვიადრო: თვარამ ბედი აზომ თურმე: მიკვეთს ღ~თსა რაღა ვჰკადრო:

847. ამის მეტი აღარა თქვა: ატირდა და წამოვიდა: ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა: შამბი გავლო ველს გავიდა: ქარი ველთა მონაქროლი: ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა: რად მიმეცო ამა ჭირსა: ბედსა ამას უზრახვიდა:

848. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: შენ უფალსა არსთა მხედსა: რად გამყარე მოყვარეთა: რად შემასწარ ამა ბედსა: ერთი ორთა მგონებელი: ვარ საქმესა წარსაწყმედსა: მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის: სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი:

849. მოყვარემან ვარდის კონა: გულსა მკრა და დამიწყლულა: იგი ფიცი ჩემგან სრული: მან აღარა გამისრულა: მას თუ გამყრი საწუთროვო: ჩემი ლხინი გარდასრულა: სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა: გაკიცხულა გაბასრულა:

850. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი: კაცისა მე ჭკუიანისა: რა ჭმუნვარებდეს რას არგებს: ნაკადი ცრემლთა ბანისა: სჯობს გამორჩევა აზრობა: საქმისა დასაგვანისა: აწ მეცა მიჯობს მონახვა: მის მზისა ლერწამ-ტანისა:

851. ყმა გაემართა საძებრად: მტირალი ცრემლთა მფქვეველი: ეძებს უძახის უყივის: დღეებრ ღამეთა მთეველი: სამ დღემდი მოვლო მრავალი: ხევი შამბნარი ტყე ველი: ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე: ვერას ამბისა მცნეველი:

852. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: ეგზომ დიდი რა გაწყინე: რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა: რა სასჯელი მამივლინე: გამკითხველო გამიკითხე: აჯა ჩემი შეისმინე: დაამოკლე დღენი ჩემნი: ჭირნი ჩემი გამილხინე:

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა:

853. მივიდოდა მიუბნობდა: ყმა მტირალი ფერ შეცვლილი: ქედსა რასმე გარდაადგა: ველი აჩნდა მზიან ჩრდილი: ნახა შავი შამბთა პირსა: ჰსდგა სადავე უკუყრილი: სთქვა უცილოდ იგიაო: არა უნდა ამას ცილი: