ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

812. თავ დადრეკით იგონებდა, ჭმუნვა ჰქონდა გულსა დიდი, უში ქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” და რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

813. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოაჴსენა ყოველი, ვით წარსულიყო ფარულად: და “მზე აღარ მზეობს ჩუეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

814. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: “ვაი, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, და “სად წაჰხე და სად დაჰკარგე სინათლისა ეგე სვეტნი?!

815. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე; გულსა, გლახ, ვისთვის ენები? და შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

816. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ სრულსა. ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა, და აწ უშენოდ რა, გლახ, რა უყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

817. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი,ჩემო რაზომცა ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, და მაგრა, თუ მოვჰკვდე, გაზრდილო, ვისგან ღა დავიტირები?”

818. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა; და თქვეს: “ბნელი გუმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

819. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულ თქმით შემოსტირნა, უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგუყარნა, რად გაგუწირნა? და სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”

820. ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დადუმდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, და ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

821. მოაჴსენა: “საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი. და მე თუ მამკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

822. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, და შევეწივნეთ, ნუთუ ღმერთმან მშვიდობისა მისცეს გზანი!”

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

823. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს, და ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძუელსა გაგვიახლებს.

824. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულ მდუღარედ, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ დაბრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, და უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჴსნის, თუ მოჴსნის, მიჴდის ცნობასა.

825. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ჴელყუის გაძრუად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მგზავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, და რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

826. თქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს. და სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

827. მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭუდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ მე, თუ-მცა შენგან არ ვეჭუდი წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცოხლისა სმენასა, და “მოდი და მივსცეთ ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

828. ტირს, იტყვის: “დადვა კეშნი ლახვარმან ჩემთვის ათმანო; ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზათ მანო. თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მამკლა, სათმანო! და ბაგე-კბილო და თვალ წარბო, მამცემდი პატიჟთა, თმანო!”

829. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვიას მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, და ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

830. “ვის ხატად ღმრთისად გიტყუიან ფილასოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყუე ქმნილსა, ჯაჭუნი მაბიან, რკინანი! ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგენ, მინანი; და მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.