... (A-859), 1841 წ.

820. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია. ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია. ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია. რაცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია:-

821. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქვენს წინაშე წამოსავლად. მოვახსენე რადგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად. არას ვარგებ არ დავდგები, სხუა ვიუბნა რაღა მრავლად:-

822. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად. შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად. მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალ ვარ და არ მახმურად. აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხველო ჯაბან ხდლურად:-

823. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი. ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი. შენ ვერას ირგებ მე მარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი. მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყოს ცნობილი:-

824. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა. გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა. მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა. ოდენ გამაგრდი არ მოკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა:-

825. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა. აქავ ქუაბსა მომნახვიდი, მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა. ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა. ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ჰყეფსა:-

826. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე. ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკუდე კიდე. ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთჳს ცრემლსა ღვრიდე. მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე:-

827. აწ რაცა გკადრე ამისთჳს, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი. მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი. არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი. არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი:-

828. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყუა გამიმეტდეს. არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს. თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიყევ რაცა სწადდეს. ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს:-

829. არ დაიჯერო მაშინ ჰსცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა. ჩემთჳს ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა. შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა. უშენოდ მამხუდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა:-

830. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი. ცხენსა შესხდეს მოიარეს, თჳთო მოჰკლეს ველს ნადირი. შემოიქცეს აატირეს, გული კულავცა ანატირი. ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა უმატა ჭირსა ჭირი:-

831. ლექსთა მკითხველნო თქვენიცა, თვალი ცრემლისა მღვრელია. გულმან გლახ რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია. მოშორვება მოყურისა, გაყრა კაცისა მკვლელია. ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია:-

832. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ ასმათ ავთანდილ, თვალთაგან ცრემლნი ალამნეს. სამთავე ღაწვთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს. მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთანა ალამნეს:-

833. ქუაბნი ჩავლნეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი. ასმათ სტირს იტყჳს, ჱე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი. მზემან დაგვწვა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი. ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი:-

834. მათ ყმათა მუნით წარსულთა, იგი დღე ერთად იარეს. ზღჳს პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს. არ გაიყარნეს მას ღამით, კულავ ცეცხლი გაიზიარეს. ერთმანერთისა შორს ყოფა, იტირეს იმგლოვიარეს:-

835. ტარიელს ეტყჳს ავთანდილ, რუ გაჴმა ცრემლთა დენისა. რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა. მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა. აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა:-

836. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზასასა. მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა. აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღჳსასა. თუ ნახო ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა:-

837. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღჳსა პირსა. სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეფერობდა მათსა ჭირსა. მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა:-

838. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს. მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნის ვინცა მოისმინეს. თუალთა ვითა წყაროს თვალნი, ცრემლი ველთა მოადინეს. დიდხანს დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს:-

839. გაიყარნეს ტირილით და, პირსა ხოკით თმათა გლეჯით. ერთი აღმა ერთი დაღმა, უგზო მივლენ შამბთა ეჯით. ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბღნეჯით. იგი ნახეს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით:-