... (A-859), 1841 წ.

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს

840. ვაი სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა. ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა. სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა:-

841. ავთანდილ მისი გაყრილი, სტირს ჴმა მისწვდების ცათამდის. იტყჳს თუ ღვარი სისხლისა, კულავცა მდენია კვლაცა მდის. აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის:-

842. ველს მაშინ მხეცნი დასძღებოდეს, ცრემლითა მუნ ნატირითა. ვერ დაივსებდა საჴმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა. კულავ თინათინის გონება, ავსებს უფროვე ჭირითა. ბაგეთა ვარდი ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა:-

843. ვარდი სჭკნებოდა ღურებოდა, ალჳსა შტო ირხეოდა. ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა. გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთჳს არ იმხნეოდა. იტყჳს თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დამაგდე მზეო და:-

844. მზესა ეტყჳს მზეო გიტყვი, თინათინის ღაწვთა დარად. შენ მას ჰგავ და იგი შენ გავს, თქვენ ანათებთ მთა და ბარად. ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცდარად. მაგრა ჩემი რად დააგდეთ, გული ცივად გაუმთბარად:-

845. თვე ერთისა მოშორება, მზისა ზამთრის გაგვამცივებს. მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს. მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს. წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაკვეთს ანუ გაასივნებს:-

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა.

846. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყჳს მზესა. აჰა მზეო გიაჯები, შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა. ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა. მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა:-

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან.

847. მო ზუალო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა. გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა. შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა. მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთჳს ტირსა:-

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან.

848. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბრჭესა სრულსა. მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა. ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა. მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთჳს წყლულსა:-

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან.

849. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭარ ლახვრითა შენითა. შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა. მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა. როგორ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა:-

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან .

850. მოდი ეასპიროზ მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა. ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწისა ბაგითა. შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა. ვის ჩემებრსა დააგდებს, გახდი ცნობითა შმაგითა:-

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან.

851. ოტარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა. მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა. დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა. კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა:-

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან.