... (Q-296), XVIII ს.

820. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულ მდუღრად ვერ იტყვის ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოხსნის მიჴდის ცნობასა

821. რა მიიახლის დაბნედად ვერ ჴხელყვის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მზგავსად დილაჯისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

822. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელს მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს

823. მე რა ვქნა შენად შეყრამდი ანუ რას ვეჭუდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდე ლხენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

824. ტირს იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმი ჩემდა კვლად თქვა ესე ტევრი ვთხზათ მანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მამკალ სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდით პატიჟთ თმათანო

825. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისად ღამისად ერთ არსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის მორჩილობენ ციერნი ერთ იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

826. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვე ქმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ მინანი მაშინ ვერ გავსძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

827. ამას მოთსქმიდა იწვოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის უჭვრეტდის ეუბნებოდის

828. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღმრთისა შენისა შენ ხარ მამცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შაყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა

829. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მასთანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლავ გაემართის ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა

830. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულ მარიხიანი იტყვის დავყარენ ვარდნი და აჰა მუნ ვაგლახიანი

831. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოსთქმიდის რა ტურფასა რაზომ გვარსა ზოგმან თვალნი გაეწითლის ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქუაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა

832. რა ასმათ მან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების ყმა გარდაჴდა მოეხვია აკოცა და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა უცხო ეამების

833. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის დავითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იტყვის რა წახველ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

834. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუუა ქალსა ეტყვის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუვე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

835. მე უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჩირად არ მიღირდა რად დავიწყდი რად მოვსცილდი რად ვერ გასძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაჰპირდა მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა

836. კვლავ ქალი ეტყვის მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გაბრჭო მართალი ნუ მეჭუ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა

837. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავს არ იცი მას რომე ცეცხლნი სწვიდიან

838. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

839. ჯერთ მისი მზგავსი სასჯელი არცავის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოდ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია