ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

794. “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენსა კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთათვის ერთგან დღისა და ღამისად, და თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.

795. “თუ საწუთრომან დამამჴოს, ყოველთა დამამჴობელმან, ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, და მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

796. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: და მიღუწიან, მამიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

797. “რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ჴიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად! და შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

798. “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას გარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, და შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის!

799. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინი ეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა, და ნუ დაადინებ თვალთაგან სისხლისა ცრემლთა, ფრქუეულსა.

800. დასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა! და სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა! –

801. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. და მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითას და გაპარვა მისი

802. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ჴმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, და მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო!

803. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქუენათ ზესა, შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა და ნუ აღმოფხური სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

804. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! და თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენად მსხვერპლსა შევწირვიდე”.

805. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, თუცა ვამნი ადიადნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა; და პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

806. მოსთქვამს და იტყვის: “ ვაი მზეო, შენი ადგილი ჩრდილდები; შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთვის აღარა დილდების; მე მანდით მესურის ისარსა, ერთიცა არ ამცილდების, და გამყარე ლხინა ყველასა, აწ თვალთა ცრემლი მილდების.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

807. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მაჴსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, და ეზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის გული.

808. “თუ რად გაჴსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგჴადე! მართლად უთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესე გვარსა ნუოდეს იქ, საქმე ხოლე გაიცადე, და აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვია და სიტყვა გააკვლადე”.

809. კვლა მოაჴსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი! და კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თუარა მე სრულად გელევი!”

810. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი. მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მაჴსოვან დღენი წინანი, და ვინცა ღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვსთქვია, მასცა ვინანი”.

811. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვა შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; და თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.