ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

756. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა; “მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა, და ვა, კარგი თავი უებრო დავჰკარგე, დავაშავითა!”

757. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! ვინ არ მისცეს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, და თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”

758. “ვით გამჴადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე, რა სირეგუნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; და ესე მიკვირს, რად არ მამკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

759. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! და შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს, ჭირი არ გამცუდებია “

760. ყმამან უთხრა: “ შენი წყრომა მემცა განა დამიმძიმდა, მაგრა ქრთამი რადღა გმართებს”– გაიცინნა, გაცაღიმდა; “შენ ადამი გაგიმეშდა, ართუ მეში გაადიმდა; და რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინღა გააქიმდა”.

761. “უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? და სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

762. “მოვაჴსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, და მე თუ მოვჰკვდე, ჩემი კერძი სოფელიცა გაჰქარდების!”.

763. მოიუბნეს. ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი, უმასპინძლა, ძღვენი უძღუნა შვენიერსა შვენიერნი, მისნი მყოლნი აღაავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი. და გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

764. შეკრა წითელი ასი ათასი პირმზემან ტანად სარომან, სამასი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმცთარომან, სამოცი ლალ იაგუნდი ფერად არ მათმან საურმან. და კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

765. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდსაჴდელად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, და სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

766. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყუისი; ასრე მართებს მოჴმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი. და ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ავთანდილისგან შერმადინის საუბარი ოდეს გაიპარა

767. შერმადინს ეტყუის, უბრძანებს პირმზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. და მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხველი და მსმენელი.

768. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მამისმინა; მან არ იცის, რათა, ვინა და სულდგმული ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნურცა გარე, ნურცა შინა! და რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?”

769. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულ თქვამს, ვაებს, უშობს, და ლხინსა არას არ იახლებს, კრთების, კუშტობს, ვახშობს, ქუშობს.

770. “სამი არის მოყურისაგან მოყურობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, და გავლენა და მოჴმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

771. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირემ დრო გქონდეს ხლებისა; და შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

772. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, და სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.

773. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიჴდების; და პატრონისა სამსახური არაოდეს არ წაჴდების”.

774. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოაჴსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი! მაგრა რა ვქჰნა, უშენოსა, დამეცემის გულსა ბინდი! და წამიტანე სამსახურად, მოგეჴმარვი, რადაც გინდი.