ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

736. “თავმან მისმან, მუნვე მამკლავს, ვეჭუ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მამკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს! და არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

737. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მამკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიაო?! რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო”. და სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწურთიო.

738. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ? რად გაგიშვან, რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგუთამამდენ, გაგვისწორდენ. და ეგე აგრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

739. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჴამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე ვაზირო, შეგეტყობის, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყურობა და არცა ფიცი, და თუ გინახავს; უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

740. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ უშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; და ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

741. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მჴდიან! აწ ვითაცა გაუწყვედლად უცნობოსა ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; და ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმე გამოსცდიან?

742. “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა, ჩემი მონაცვალე, ჴამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიჴდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, და მამეჴმარე, ნუთუ ჩემგან მოჴმარება შენცა გინდეს.

743. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად; და თქვია, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

744. ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების, ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაჰქარდების! ზოგჯერც თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. და ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხუდების!”

745. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოჴსენება ვერ შემართა, და დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.

746. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხველ შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა, არ ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, და მართალ ხართ, მამკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

747. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არც მეტობს და არცა დიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერა რიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, და უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

748. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლა მოაჴსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! და მართალ ხართ, თუცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

749. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რასთვის, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა? და ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

750. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად! მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად, ღადრად? შმაგო, ენა ვით იჴმარე აწ მაგისა ჩემად კადრად! და აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

751. “ჴამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! და შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!”

752. კვლა უბრძანა: “თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკუეთ, არა უნდა ამას ცილი! წა, უკვდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! და შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, შენგან ქნილი!”

753. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცდუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასვლა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” და ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

754. ვაზირმან, გლახ, გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინებს; გამოძურწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს; შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, და მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

755. თქვა: ”ცოდვათა ჩემთა მგზავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოაჴსენოს, და ჩემნი დღენი მასცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს!”