ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

717. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! და ”რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუთმინა!

718. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო, და ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

719. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყუის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? და თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

720. კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება, მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება: და ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესა და ვაზირის საუბარი და ხვეწნა

721. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ღმერთო, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, დაცავფარე!” დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!” და ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

722. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!” მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული. და ჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

723. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერჴთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; და თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერა ქუენა ბუქმან”.

724. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავის თავის ისახელეს, სულ თქვმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. და გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

725. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყუის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების, და გაიგონენ ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

726. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სულინი არ შურდეს, შეზღვა ჴამს შეუზღველისა; და ჴამს სიყვარული მოყურისა უხვისა, უშურველისა.

727. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაებადა; რადგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, და მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

728. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; და ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

729. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, და რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

730. “რაცა გითხარ, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიდი სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, უსტასრსა: არ შეიპყრობს, არ დავდგებს, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? და მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

731. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან! მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, და გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მან.

732. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს, გულოვანსა აქა ჴელი რა მეჴდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხუდების; და ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

733. “წასვლა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქნას და გაგიმარჯუდეს, თქვენი თქვენვე დავებრუნდეს. და არ მოვბრუნდე, თქვენმცა სუფევთ, მტერი თქვენნი დაძაბუნდეს!”

734. კვლა პირმზე ეტყუის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, და ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

735. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, და ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.