... (H-741), XIX ს.

779. წაგიკითხავს სიყვარულსა: მოციქულნი რაგვარ სწერენ: ვით იტყვიან ვით აქებენ: სცან ცნობანი მიაფერენ: სიყვარული აგვამაღლებს: ვით ეჟვანი ამას ჟღერენ: შენ არ ჯერხარ უსწავლელნი: კაცნი რადმცა შევაჯერენ:

780. ვინ დამბადა შეძლებაცა: მანვე მამცა მძლევად მტერთად: ვინ არს ძალი უხილავი: შემწე ყოვლთა მიწიერთად: ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს: ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად: იგი გახდის წამი ყოფით: ერთსა ასად ასსა ერთად:

781. რაცა ღ~თსა არა სწადდეს: არა საქმე არ იქნების: მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი: ია ხმების ვარდი ჭკნების: თვალთა ტურფა საჭვრეტელი: ყველა რამე ეშვიდნების: მე ვით გავსძლო უმისობა: ან სიცოცხლე ვით გეთნების:

782. რაზომცა სწყრები შემინდევ: შეცვლა თქვენისა მცნებისა: ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე მაგისისა თნებისა: აწ წასულა იყო წამალი: ჩემთა სახმილთა გზნებისა: სადა გინდ ვიყო რა მგამა: ყოფაცა მქონდეს ნებისა:

783. არას გარგებს სიმძიმილი: უსარგებლო ცრემლთა დენა: არ გარდავა გარდუვალად: მომავალი საქმე ზენა: წესი არის მამათაგან: მოჭირვება ჭირთა თმენა: არვის ძალუც ხორციელსა: განგებისა გარდავლენა:

784. რაცა ღ~თსა გაუგია: თავსა ჩემსა გარდასავლად: გარდამხდეს და შემოვიქცე: აღარ დამრჩეს გული ავლად: თქვენვე გნახნე მხიარულნი: დიდებით და დავლა მრავლად: მას რა ვარგო დიდებად და: კმარის ესე ჩემთვის დავლად:

785. მეფეო ესე თათბირი: მამკალ ვინ დამიწუნოსა: მეფეო ნუთუ წასვლამან: თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა: ვერ ვეცრუები ვერ უზამ: საქმესა საძაბუნოსა: პირის პირ მარცხვენს ორნივე: მივალთ მას საუკუნოსა:

786. არ დავიწყება მოყვრისა: აროდეს გვიზამს ზიანსა: ვგმობ კაცსა უაუგოსა: ცრუსა და ღალატიანსა: ვერ ვეცრუები ვერ უზამ: მას ჴელმწიფესა სვიანსა: რა უარია მამაცსა: სულ დიდსა წასულა გუიანსა:

787. რა უარეა მამაცსა: ომშიგან პირის მხმეჭელსა: შემდრკალსა შეშინებულსა: და სიკვდილისა მეჭველსა: კაცი ჯაბანი რათა ჰსჯობს: დიაცსა ქსლისა მბეჭველსა: სჯობს სახელისა მოხვეჭა: ყოველსა მოსახვეჭელსა:

788. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა: გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი: მისგან ყოველი გასწორდეს: სუსტი და ძალ გულოვანი: ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან: ერთგან მოყმე და მხცოვანი: სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა: სიკვდილი სახელოვანი:

789. მერმე ვიშიშვი მეფეო: თქვენად კადრებად ამისად: სცდების და სცდების სიკვდილსა: ვინ არ მოელის წამისად: მოვა შემყრელი ყოველთათვინ: ერთად დღისა და ღამისად: თუ ვერა გნახნე ცოცხალმან: სიცოცხლე მქონდეს ჟამისად:

790. თუ საწუთრომან დამამხოს: ყოველთა დამამხობელმან: ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად: ვერ დამიტიროს მშობელმან: ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა: და ვერცა მისანდობელმან: მუნ შემიწყალოს თქვენმავე: გულმან მოწყალე ლმობილმან:

791. მაქვს საქონელი ურიცხვი: ვერვისგან ანაწონები: მიეც გლახაკთა საჭურჭლე: ათავისუფლე მონები: შენ დაამდიდრე ყოველი: ობოლი არას მქონები: მიღვწიან მამიგონებენ: დამლოცვენ მოვეგონები:

792. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს: საჭურჭლესა დასადებლად: მიეც ზოგი ხანაგათა: ზოგი ხიდთა გასადებლად: ნურა ნუ გშურს საქონელი: ჩემი ჩემთვის წასაგებლად: თქვენგან კიდე არვინ მივის: ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად:

793. ამას იქით ჩემგან ჩემი: ამბავიცა არ გეცნევის: ამად გვედრებ სულსა ჩემსა: წიგნი გკადრებს არ გეთნევის: არას არგებს ეშმაკისა: საქმეთაგან დაეძლევის: შემინდევ და შემივედრე: მკვდარსა რაღა გარდმეხდევის:

794. გვედრებ მეფეო შერმადინს: მონასა ჩემსა რჩეულსა: ნაკად აქვს ჭირი სამისოდ: ამ წელიწადსა წლეულსა: ნუგეშინის ეც წყალობით: ჩემგან წყალობა ჩვეულსა: ნუ დაადინებ თვალთაგან: ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა:

795. გასრულდა ჩემი ანდერძი: ჩემგან ნაწერი ჴელითა: აჰა გამზრდელო მოგშორდი: წაველ გულითა ხელითა: ნუ ჰსჭმუნავთ ჩემთვის მეფენი: ნუ ხართ მოსილნი ბნელითა: სუფევითამცა ხარ თავითა: მტერთაგან საკრძალველითა:

796. მისცა ანდერძი შერმადინს: რა გაათავა წერითა: უთხრა ჰკადრეო მეფესა: საქმითა მეცნიერითა: შენ დაგამეტებს ვერავინ: მსახურებითა ვერითა: მოეხვია და ატირდა: ცრემლითა სისხლთა ფერითა:

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი:

797. ილოცავს იტყვის მაღალო: ღ~თო ხმელთა და ცათაო: ზოგჯერ მამცემო პატიჟთა: ზოგჯერ კეთილთა მზათაო: უცნაურო და უთქმელო: უფალო უფლებათაო: მომეც დათმობა სურვილთა: მფლობელო გულის თქმათაო: