... (H-741), XIX ს.

721. მის ყმისა ცეცხლი მედების: წვა მჭირს მისისა მწველისა: მკლავს სურვილი და ვერ ნახვა: ჩემისა სასურველისა: მას ჩემთვის სულნი არ შურდეს: შეზღვა ხამს შეუზღველისა: ხამს სიყვარული მოყვრისა: უხვისა უშურველისა:

722. მისი ნახვა გულსა ჩემსა: ვითა ბადე დაებადა: მუნვე დარჩა დათმობაცა: მასთანავე დაება და: რადგან დასწვავს მოახლეთა: ღ~თსა მზედცა დაებადა: მერმე ასმათ ჩემთვის დისა: უფრო დადცა დაებადა:

723. ოდეს წამოველ შევჰფიცე: ფიცითა საშინელითა: კვლავ მოვალ გნახავ პირითა: არ მტერთა საწუნელითა: შენსა მე ვეძებ ნათელსა: შენ ხარ გულითა ხელითა: ჟამია ჩემგან წასვლისა: ვიწვი ცეცხლითა ცხელითა:

724. ყოველსავე მართლად გითხრობ: არ სიტყვასა საკვეხელსა: მიმელის და ვერ მივსლვარ: ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა: ვერ გაუტეხ ზენაარსა: ვერ გავსწირავ ხელი ხელსა: რამცა სადა გაუმარჯვდა: კაცთა ფიცთა გამტეხელსა:

725. რაცა გითხრა ჩემაგიერ: როსტანს ჰკადრე მიედ სრასა: თავმან მისმან ფიცით გეტყვი: შენ ვეზირსა ოსტასრასა: არ შემიპყრობს არ დავდგები: თუ შემიპყრობს მაქნევს რასა: მიშველე რა გული ცეცხლმან: არ დამიჭრას არა სრასა:

726. ვჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან: პირმა არ მეუმზრახემან: ვითა ვიშიშვი გაცნობოს: ღ~თნ ნათელთა სახემან: მაგრა მან ყმამან ცეცხლითა: დამწვა ალვისა სახემან: გული წამსავე წამიღო: ვერათ ვერ შევინახე მან:

727. აწ მეფეო უმისობა: ჩემგან ყოლა არ ეგების: გული მას აქვს გულოვანსა: აქა ხელი რა მეხდების: თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე: თვით სახელი თქვენ მოგხვდების: ვერას ვარგებ გულსა დავსდებ: ჩემი ფიცი არ გატყდების:

728. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა: არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს: თავსა ჩემსა გაგებული: იქნას ღ~თსა რაცა უნდეს: მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს: თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს: არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ: მტერი თქვენნი დაძაბუნდეს:

729. კვლავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა: მე სიტყვა შევამცირეო: წა ესე ჰკადრე მეფესა: შევინვიდოდეს ვირეო: მიაჯე ამოდ გაშვება: და თავი გაიგმირეო: ასი ათასი წითელი: შენ ქრთამად შეიწირეო:

730. ვეზირმან უთხრა სიცილით: ქრთამი შენ გქონდეს შენია: შენგან კმა ჩემად წყალობად: რომე გზა გაგიჩენია: მაგას რა ვჰკადრებ მეფესა: რაცა აწ თქვენგან მსმენია: ვიცი უცილოდ ამავსებს: შოება რა საწყენია:

731. თავმან მისმან მუნვე მამკლავს: ვეჭვ წამიც არ წამეაროს: შენი ოქრო შენვე დაგრჩეს: მე გლახ მიწა მესამაროს: მამკალ კაცსა სიცოცხლისა: სწორად რაცა მოეხმაროს: არ ითქმის და ვერცა ვიტყვი: რა გინდა ვინ მისაგმაროს

732. გზა არ წავა თავსა წინა: სიცოცხლე გლახ ვითა სთქვიო: ამიკლებს და ანუ მამკლავს: ეგე სიტყვა ვითა სთქვიო: რად არ მუნვე გაიგონე: რად ხარ შმაგი აგრეთიო: სჯობს სიცოცხლე აკლებასა: ამას თავსა აწვე ვსწვრთიო:

733. თუ მეფეცა გაგიშვებდეს: თვით ლაშქარნი რად დაღორდენ: რად გაგიშვან რად დაღორდენ: ანუ მზესა რად მოშორდენ: შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი: დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების: ვითა ჩიტნი არ გაქორდენ:

734. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა: ჴამს თუ დანა გულსა ვიცი: ჱე ვეზირო შეგეტყობის: სიყვარული არ თურ იცი: ანუ სხვაცა არ გინახავს: მოყვრობა და არცა ფიცი: თუ გინახავს უმისოსა: ჩემი ლხინი ვითა მტკიცი:

735. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი: მზესა რამცა დააბრუნვებს: აწ უშველოთ გვიჯობს იგი: ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს: ჩემი ჩემებრ არვინ იცის: რა მამწარებს რა მატკბუნვებს: ცუდსა კაცთა საუბარი: კაცსა მეტად დააჭმუნვებს:

736. მეფე ანუ მისნი სპანი: ნეტარ ჴელსა რასა მხდიან: აწ ვითამცა გაუწყვეტლად: უცნობოსა ცრემლი მდიან: ჰსჯობს წავიდე არ გავჰტეხნე: კაცსა ფიცნი გამოსცდიან: ჭირნი მისგან უნახავნი: კაცსა ვისმებ გამოსცდიან:

737. აწ ვეზირო მაგა პირსა: გული კრული ვით მოგთმინდეს: რკინა ჩემი მონაცვალე: ხამს გაცვილდეს არ გატინდეს: ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა: ჯეონიცა თვალთა მდინდეს: მამეხმარე ნუთუ ჩემგან: მოხმარება შენცა გინდეს:

738. არ გამიშვებს გავიპარვი: წავალ მათგან შეუგებლად: ვით მენუკევს ეგრე დავრთო: გული ცეცხლთა მოსადებლად: ვიცი ჩემთვის არას გიზამს: თუ არ უნდი გასაძებლად: თქვი რა გინდა წაგეკიდოს: თავი დადევ საწამებლად:

739. ვეზირმან სთქვა შენი ცეცხლი: მეცა ცეცხლად მამედების: ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა: სოფელიცა გაჰქარდების: ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა: ზოგჯერ თქმითაც დაშავდების: ვიტყვი მოვჰკვდე არა მგამა: ჩემი მზეცა შენ მოგხვდების:

740. რა ვეზირმან ესე უთხრა: ადგა დარბაზს გაემართა: მეფე დახვდა შეკაზმული: პირი მზეებრ ეწაღმართა: შეუშინდა საწყენლისა: მოხსენება ვერ შემართა: დაყრით დგა და იგონებდა: არ საქმეთა საომართა: