... (S-2781), XIX ს.

816. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მას რულსა აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

817. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუ თუ კულავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრამ თუ მოვკუდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

818. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთა აქუსთ გოდებით ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა სთქვეს ბნელი გვმართებს დღეკრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

819. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ჴედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

820. ყოვლნი სტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

821. მოახსენა საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი სდგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

822. რა ანდერძი წაიკითხეს კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხუანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცეს გზანი

წასლვა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით ტარიელის შესაყრელად

823. მთუარე მზესა მოეშორვოს მოშორვება განანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრამ ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერჭურეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

824. აწღა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭურეტდის თვალნი ვერ მოჰხსნნის თუ მოჰხსნნის მიჰხდის ცნობასა

825. რა მიეახლის დაბნედად არ ეძლო გაძვრად ენისა მაგრამ სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

826. სთქუა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედუა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს

827. მე რა ვქმნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა მაგრამ შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

828. სტირს იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ინდოთა რაზმი ჩემად კვლად სთქუა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალწარბო მომცემდი პატიჟთა თმანო

829. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიცვლი მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

830. ვის ხატად ღუთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ მინანი მაშინ ვერ გავსძლე სიახლე აწ სიშორესა ვინანი

831. ამას მოთსქმიდის იწვოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკულავთა ამოსლვა ეამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის უჭურეტდის ეუბნებოდის

832. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღუთისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურებისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა

833. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულავ გაემართის ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა

834. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულმარიხიანი იტყვის დავყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახ იანი