... (S-2781), XIX ს.

798. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას მარგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

799. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა_ ნაკად აქუს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა_ ნუგეშინისეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თუალთაგან ცრემლსა სისხლითა ფრქვეულსა

800. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევითმცა ხართ თავითა მტერთაგან საკრძალველითა

801. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ სამსახურითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისა მიზგითს და გაპარვა მისი

802. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო

803. ღმერთო ღმერთო გეაჯები რომელი ფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ აღმოფხური სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

804. ღმერთო ღმერთო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვვლიდე მტერთა ძლევა ზღუათა ღელვა ღამით მავნე განმარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე

805. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა გლახ მით ჟამნი დაიმწარნა მონა სტირს და მკერდსა იცემს სისხლმან მისმან კლდენი ღარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

806. აწ ამბავი სხუა დავიწყოთ ყმასა წავყვე წამავალსა არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულგამწყრალსა რა გათენდა ქუშად ადგა გავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვაზირისა მიიყვანდეს შიშით მკრთალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

807. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და განმარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული ეგზომ რომე გაგათრივე შენ ვაზირი გულისგული

808. აღარ მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქუამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გუარსა ნუოდეს იქმ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე

809. კულავ მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთუალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კულავ მაგის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

810. რა მოვიდა ვეზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა კადრებს მან კადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი

811. რა ვეზირი არ შევიდა კვლა მეფემან კაცი გზავნის კაცმან სცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტევანს ეჭვი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის სთქუა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

812. თავდადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ჰქმნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

813. კულავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან კითხა წასულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყველაი ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

814. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტისმეტნი მოთქმით ხმობდა ვა გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა ხოკით წვერსა გლეჯით გააკვირნა თვისნი მჭურეტნი სად წახე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

815. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რა ვქმნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები