... (Q-296), XVIII ს.

725. ყველასავე მართლად გითხრობ არ სიტყუასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისრულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ძნელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა

726. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მივედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა

727. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღმერთმან ნათელთა სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვაო ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახემან

728. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს უგულოსა აქა ჴელი რა მეჴდების თუ რას ვარგებ პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

729. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას რაცა ღმერთსა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენვე დავებრუნდეს არ მობრუნდეს თქვენმცა სუფევთ მტერი თქვენნი დაძაბუნდეს

730. კვლავ პირმზე ეტყვის ვეზირსა მე სიტყუა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

731. ვაზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოვება არ საწყენია

732. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

733. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი აგეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

734. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღონდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქმნების ვითა ჩიტი არ გაქორდენ

735. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ჴამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვაზირო შეგეტყუების სიყვარული არ თუ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

736. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არ ვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

737. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მჴდიან აწ ვითამცა გაუწყვედლად უცნობოსა ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავჰტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი დია ვისმე გამოსცდიან

738. აწ ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს მამეჴმარე ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

739. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მადგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

740. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაჰქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ვიტყვი მოვკვდე არა მგამა ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების

741. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დადგა იგონებდა არ საქმეთა საომართა

742. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხველ შეჭირვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმათ ამბავი გაკვირვებული

743. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

744. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგვარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა