... (Q-296), XVIII ს.

783. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყუე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რამგამა ყოფაცა მქონდეს ნებისა

784. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ჴორციელსა განგებისა გარდავლენა

785. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახენ მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემთვის დავლად

786. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუვები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირის პირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

787. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუვები ვერ უზამ მას ჴელმწიფესა სვიანსა რა უარეა მამაცსა სულ დიდსა წასლა გვიანსა

788. რა უარეა მამაცის ომშიგან პირის მხმეჭელსა შედრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

789. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოვანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკუდილი სახელოვანი

790. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად სცდების და სცდების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვინ ერთგან დღისა და ღამისად თუ ვერა გნახენ ცოცხალმან სიცოცხლე მქონდეს ჟამისად

791. თუ საწუთრომან დამამჴოს ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან– მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალედ მლმობელმან

792. მაქვს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღვწიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

793. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდევ არ ვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად

794. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებს არ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის

795. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა– ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა– ნუგეშინის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

796. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელისა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ხელისა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილი ბნელისა სუფევითმცა ხარ თავითა მტერთაგან საკრძალველისა

797. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერა ვინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისა მის გზისა და გაპარვა მისი

798. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ჴმელთა და ცათაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო

799. ღმერთო ღმერთო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენით ზესა შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისა წესა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყუარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

800. ღმერთო ღმერთო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე

801. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლნი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა