ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

697. მზე ეტყუის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, და ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

698. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხუდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. მაშინ ჭირი ჩემზედა აწ ასე ლხინი უხდების, და რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

699. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ჴამს გასრულება მოყურისა სიყვარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა – ცოდნა ჴამს უვიცისა, და ჩემი თქვია, რა ვქნა ჴელ ქმნილმან, მზე მამეფაროს, თუ, ცისა?”

700. “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესურის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით ღა სჩანს ნასამალი; და მალვა მწადს, მაგრა გარდაჴდა ჟამი პატიჟთა სამალი!

701. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე: და სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”

702. ყმა ტბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ჴელის მჴდელი, ამაზ ედან ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტნი, სრულ ქნა მისი საწადელი, და ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

703. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს! მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს– და ვაი მოყურისა გაყრილსა ახიოს ეყოს, ახიოს!

704. ყმა მხიარული, წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა; მისნი კბილნი და ბაგენი დააშვენებდეს ღიმილსა; რა მოეშორო მოყვარე, თვალთაგან დასდებდა მილსა; და მუნით ადენდი წყაროსა, სოფლისა დასაწვიმილსა.

705. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის მეტითა. და იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაი, ჩემთა სისხლთა ხურეტითა!”

706. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს; რა ღრუბელი მოეფარვის, მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს, და მის მოყურისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

707. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! და ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

708. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა რგმით, მორწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, აწ გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დაამახია. და აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

709. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქუევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ ამოსკუნით, ოხვრა სულ თქუმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს. საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, და ვაი, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

710. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების. და ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

711. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი, გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, და ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

712. რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტი მოიხუნა მის მზისა სამეყუისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყუისონი, და პირი დადვა დაცაბნდა ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

713. რა გათენდა, კაცი მივა მამკითხავი, დარბაზს მჴმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; და მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზა დაბდაბ ნობი.

714. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა სრბოლა მიდამოდა; და მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

715. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახუდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, და ჴმას სცემდეს ჩანგ ჩაღანასა, მომღერალნი იყუნეს სრულნი!

716. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, და უტარიელოდ ჴსენება არვისგან იკადრებოდა.