.... (H-1759), XIX ს.

808. მინდორსა შიგან გორი სდგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსი მას თანა სროლასა, ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკჳრდა რა ქნესო, მისთა სპათათვის წყრებოდა

809. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლავ მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი დადგა მზეებრ გაურეტდა, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

810. ავთანდილ ცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქვი შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული

811. მონა წავიდა ფრიდონის, თხრობად ამბისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული, სჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ჰნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისა, შეყრად ფრიდონის მქისისად

812. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა

813. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა და ესე თქვა, თუ არ მზეაო ისი ვინა მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

814. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ, ივაჭრონ რა ანუ ყიდიონ

815. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინამც ვინ ვით ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი კრთებიან

816. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი, იქი აქათ იქმან ჯრასა თქვეს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა

817. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინადგან ჰლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

818. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით ძე დიდებულთა დიდ გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით

819. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელი, ნატირები ცრემლთა ღურიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა

820. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დახოცა, ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხარ თეძო დაჰლეწა, და ზოგთა სული ხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა

821. მათ სპათაგან ვერ შეპყრობა, სცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა

822. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არ დასტურობა გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა

823. იგი ვძებნე სამსა წელსა, არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი

824. ქვაბნი წაუხმან დეუთათვის, სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ არ ახლებია ვაი მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია

825. ქალი მარტო ქვაბსა შინა, სტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკუსა ვითა ლომი მიართმევს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი

826. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმო ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა, მისისა სასურველისა

827. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა კრთების ვაი მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთვის კვდების