.... (H-1759), XIX ს.

1271. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ, სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმე გუმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა, შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1272. ერდგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტაი დღენია თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია მაგრამ ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია

1273. ტარიელ ცნა ამა ყმისა, ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი, გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი, გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები ლხინი ჩემი, საწუთრომან დამიშურვა

1274. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა ზედა ზედა დავტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა თქვენითვის ასრე მამსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა

1275. როსტანისთვის წაატანა, საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები არ ჯამები ჩემაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეუბნები ავთანდილ თქუა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები

1276. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელსა, ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ განანათლოს, ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1277. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა, დაწვა ცეცხლისა ალამა სრულად ჰინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყჳს მამკლაო, სოფლისა მე სამსალამა

1278. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი გზამან გაყარნა წავიდეს, თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1279. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გააჴელმწიფა გვირგვინი, ზეცით მოსრულმან ზენამან

1280. მათ სამთავე ხელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი, მათთა ხლმითა დავეწყლულდეს მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1281. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქნელი დააშინნეს, კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად ჰსძოვდეს

1282. გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა, არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა და მისა

1283. ქართველთა ღვთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე, მე მათად მოკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად

1284. დავითის ქნანი ვითა ვსთქვნე, სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი

1285. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა, და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი

1286. ამირან დარეჯანის ძე, მოსეს უქია ხონელსა აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა

1287. აწ დაიბეჭდა სტამბაში, პირველ ნაწერი ხელისა უგბილთა ფრიად სასწავლო, გონიერთ გულთა თმენისა მეფეს ვახტანგის ბრძანებით, და სიბრძით კეთილ მქნელისა ნაღვაწი მისის მლოცვლისა, მესტამბე მიქაელისა

1288. დაესრულა ესე წიგნი, ქორონიკონს უნსა სმულსა ყველაკასა უხაროდა, რიტორსა და ჴმა უსულოსა საღ~თა და საეროცა, ვისაცა აქვს სმენა გულსა უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს, გონიერსა გულს უსრულსა