.... (H-1759), XIX ს.

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყჳან

790. მოდი მთვარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავ, მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები

791. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი, და ზოალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან

792. აწ გულსა ეტყვის ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკვლა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია

793. თუ დავრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა მისსა ჴმასა თანა ხმაცა, ბულბულისა გვანდის ბუსა

794. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან, რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

795. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალში თევზნი, ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

796. ყმა მტირალი სამოცდათ დღე, ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკავ თქმასა ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა

797. მათ მოახსენეს ტურფაო, სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა ჩვენცა ვისნი ვართ გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

798. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მჴნე უხვი ძლიერი, ფიცხლად მამხტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალ უძს, მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა ფენისა

799. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე

800. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი, მშვილდ ფიცხელი მახვილ ხმალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ, ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაი რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

801. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი

802. იგი წავიდა დაბრუნდა, ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა, და ვისი გული რკინასა მიაცურვებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა ნარგიზნი ქუხან ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა

803. ვინცა გზას ნახის უცხონი, მსახურებდიან ყმობდიან მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყულაოზი მისციან, ჰკითხის რა უამბობდიან

804. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალეუს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა, და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა

805. კაცი ემთხვია მას ჰკითხა, ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია, ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველ შამბნარისა

806. მათ ლაშქართაკენ წავიდა, მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება, მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა მისთა შემყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭვრეტელთა აახლებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა

807. იგი რა ნახეს მესროლნი, სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს