ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

677. რა მიეახლა, გარდაჴდა ყმა, თაყვანი სცა მეფესა; აკოცა როსტან, მეფემან ნიშატთა სიიეფესა; გულ მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; და მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

678. მას ავთანდილ თაყვანი სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, და სახლ სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

679. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. და უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

680. სმა გარდაჴდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, და მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

681. “მას ვაჴსენებდე, ნუ გიკუირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! მზე თუ ვთქვა მგზავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა; და ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ ისა!”

682. რა ჭირი კაცსა სოფელმან დაუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მჴსენებმან, ღაწვი ცრემლითა ბანა მან, და წურილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

683. “ქვაბნი წაუხუმს, დევთათვის სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები, ტანს ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უცს სტავრა ნახლები, და აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ ახლები”.

684. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, იამა; ქება ვარდისა ჴელით მძლედ დანამჭირისა, და “ეგე კმა სიმჴნე სიმჴნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

685. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა. მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ მოწყენითა, კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა: და მისლვა ებრძანა, იამა, თქმა არ ეგების ენითა.

686. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორთ ლომთა თანა მოარული, ფერ ნამკრთალი, ყმა– სოფლისა ხასიათი, ჯავარ სრული მრავალ წყალი, და მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

687. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, და მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ჴამს, აქებდეს ენა ბევრი!

688. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყუისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; და უთხრა: “ჰპოვეო, პატიჟნი ნახე ძებნითა ვისითა?”

689. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა,ჟამ პირველ გარდასრულისა. ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყლითა რწყულისა, და მუნ პირი, მგზავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკლულისა.

690. “მუნ სარო, მგზავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მინები; იტყვის: “დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. და მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

691. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთულის, ჭირსა, მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩანს, ვით ნადირსა, და ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

692. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების: მისსა მნახავსა ნახული სხვა არვინ მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: და ვარდი შექნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

693. წურილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად”. და “ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”

694. მზესა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, და რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

695. ყმა ეტყუის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მამცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ-დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა, და მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

696. “ჴამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ჴიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, და აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”