... (H-66), 1832 წ.

798. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი: დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა: მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყველაი: ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა: დარი არ დარობს დარულად

799. რა მეფემან მოისმინა: დაიზახნა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო: ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა ხოკით წვერსა გლეჯით: გააკვირნა მისნი მჭვრეტნი჻ სად წახველ და სად დაგკარგენ: სინათლენი ეგე სვეტნი

800. თუ თავი შენი შენ გახლავს: ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო: აწ სახლად მართებს სენები გამაღარიბე დამაგდე: გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა: ჩემთა ვერ იტყვის ენები

801. ოდეს გნახავ მხიარულსა: ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა: ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა: სასმენელად მე მას სულსა აწ უშენოდ რა გლახ უყო: საჯდომსა და სრასა სრულსა

802. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი: რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს: შენთა ისართა პირები ნუთუ კვლავ ღთ~ნ წყალობით: გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო: ვისგანღა დავიტირები

803. ზარი გაისმა შემოკრბა: ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია: ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი: ჴმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა: მზე მიგვიდრკა ცისა

804. რა მეფემან დიდებულნი: ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან: შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ: რად დაგუყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი: ვინცაღა ვით დაგვიჭირნა

805. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს: მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ: მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ: მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა: სიცოცხლე უჩნდა ზიანად

806. მოახსენა საწოლს ვპოვე: ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი: დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა: ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით: სიცოცხლე მჭირს შეუფერი

807. რა ანდერძი წაიკითხეს: კვლავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა: ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი: ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა: ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

808. მთვარე მზესა მოეშორვოს: მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს: გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა: გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა: ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

809. აწყა დავიწყებ ამბავსა: მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად: ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის: მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის: თუ მოხსნის მიჰხდის ცნობასა

810. რა მიიახლის დაბნედად: ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან: მსგავსად დილარჯის დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის: ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის: მას თუ არბევდის ცხენი სად

811. თქუა ჩემო შენი შორს მყოფი: კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება: გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა: შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე: რაზომცა დაუძაბუნდეს

812. მე რა ვქნა შენად შეყრამდი: ანუ რას მეჭუდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა: შენგან არ ვეჭუდე წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა: არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან: თვალნი ცრემლისა დენასა

813. ტირს იტყვის დადვა კეშანი: ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად: თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს: სათმან რად მამკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო: მამცემდი პატიჟთა თმანო

814. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად: გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა: მის უჟამოსა ჟამისად ვის მორჩილობენ ციერნი: ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე: შეყრამდის ჩემად და მისად

815. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან: ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა: ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან: სათნი დავკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე: აწ სიშორესა ვინანი

816. ამას მოთსქმიდის იწოდის: ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში: ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა: ამოსვლა იამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის: უჭვრეტდის ეუბნებოდის