ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

წასულა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

795. მთუარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწუავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს, ჩუენ ვერჭურეტა საყუარლისა ჭირსა ძუელსა გაგვიახლებს.

796. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყუი ცრემლთა მცრობასა, წამ წამ მობრუნდის, იაჯდის მისთუის მზისავე მზობასა, უჭურეტდის, თუალნი ვერ მოჴსნის, თუ მოჴსნის, მიჴდის ცნობასა.

797. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ჴელყუის გაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თუალთაგან, მგზავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭურეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

798. თქუა: “მზეო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თუალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, სჯობს, საყუარელსა მოყუარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

799. მე რა ვქნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭუდე ლხენასა! თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭუდე წყენასა, მაგრამ შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თუალნი ცრემლისა დენასა!”

800. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქუის მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

801. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშუელე რა ტყუე ქნილსა, ჯაჭუნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგე, მინანი, მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

802. ამას მოთსქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა იამებოდის, მას ამგზავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

803. მთუარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქუს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა! მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშუენისა!”

804. ღამე ალხენდის, დღე რჯიდის, ელის ჩასულასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდიჴდის, უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა, მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კულავ გაემართის, ისწრაფდის წასულასა მისვე გზისასა.

805. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახუდის კლდიანი, შესწუის, ჭამის და წავიდის პირ მზე, გულ-მარიხიანი, იტყუის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”

806. აწ ვერ ვიტყუი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გუარსა! ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭყლითა ნახოკარსა. ქუაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქუაბთა კარსა.

807. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწუთების, ვით იამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხუდების; ყმა გარდაჴდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების, კაცი კაცსა მოელოდეს, მოსულა დია იამების.

808. ყმა ქალსა ეტყუის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, ეტყუის: “რა წახველ, გაიჭრა, ქუაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

809. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახუარი გულსა შუა; ქალსა ეტყუის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა?!

810. კულავ ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

811. გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან; შენ არ გინახავნ, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწუიდიან.

812. შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გაჴდა, ვითა გიამბობ ცნობილსა; ენა დაშურების, გაცუდების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

813. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია: თუ არა კაცთა, სასჯელი ქუათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თუალთაგან ცრემლი სდენია, თუით რაცა ბრძანოთ, მართალ ხართ, სხუა სხუისა ომსა ბრძენია.