ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

834. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თუალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა; ეტყუის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთუის გაჭრილსა და ხელსა?” მას არა დია შეესმის რეტსა, თუალ-დაუფახელსა.

835. ესე ყუელაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თუალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა, ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არა შობილა.

836. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეჴსენ, სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხუასა, მჴეცთა საჭმლად არა მიმცე”.

837. ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა? ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა, ვის უქნია შენი მგზავსი სხუათა კაცთა ნათესავსა! რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

838. თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა; ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქუიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

839. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ, არას წადილსა ისრულებ? ვისთუის კუდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

840. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან, ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთუის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგჴდებიან არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

841. ვარდსა კითხეს: “ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად პირად? მიკუირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად ა ჭირად?” მან თქუა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქნების რაცა ძუირად; ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად”.

842. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც ა საქმე საეშმაკო, რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო?!

843. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყუი, რად მეჭვ რასაცა თნებასა”.

844. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძურაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქუს ხელქნილსა შენთა სიტყუათა სმენისა, რა ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა! აწ მივწურვილვარ სიკუდილსა, დრო მამეახლა ლხენისა.

845. ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კულავ ვნახნეთ, კულავ რამე გავიხარენით; მო, მოყუარენო დამმარხეთ, მიწანი მამაყარენით!

846. საყუარელმან საყუარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მამეგებოს, ატირდეს და ამატიროს, კითხე ასთა, ქენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს.

847. მართ გარდაწყუეტით იცოდი, გეტყუი მართალსა პირასა: სიკუდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა: არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მჴდი რასა? დამშლიან ჩემი კავშირნი, შერთუიან სულთა სირასა.

848. რა სთქუი, რას იტყუი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკუდილი მახლავს ხელ ქნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად.

849. ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ჴამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, არა მცალს დამეჴსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”.

850. კულავ ეუბნების ავთანდილ სიტყუითა მრავალ-ფერითა, ეტყუის: “ თუ მოკუდე, გერგების სიტყუათა მაგ ოჴერითა? ნუ იქ, საქნელად არა სჯობს, ნუ ხარ თავისა მტერითა”. ვერ წაიყუანა, ვერა ქნა სიტყუითა ვერა, ვერითა.

851. მერმე უთხრა: “აჰა, რადგან არ მამისმენ არას არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა; თუ სიკუდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭკნეს, დაცამჭკნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ, ცრემლი ამდუღარა.

852. სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოველ სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა!

853. ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მდგმელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი”.