ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

739. შერმადინს ეტყუის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ჰჴამს მკითხავი და მსმენელი.

740. იტყუის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყუა მამისმინა; მან არ იცის, რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა; უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუ გარედა, ნურცა შინა. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

741. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს; ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქუამს, ვაებს, უშობს, ლხინსა არას არ იახლებს, ერიდების კრთების, კუშტობს, უშობს.

742. “სამი არის მოყურისაგან მოყურობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოჴმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

743. რადღა ვაგრძელებ სიტყუასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

744. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კულავ გავლენა გააკვლადე.

745. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათუის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კუდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიჴდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

746. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თუალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქნა, უშენომან დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეჴმარვი, რადცა გინდი.

747. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი? ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღურიდი.

748. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოჴდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

749. თუ მიჯნური ვარ, ერთი ვჴამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ჴელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად.

750. რა მოგშორდე, მაჴსენებდი, სიყუარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჴამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

751. მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკუდილი მოყურისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ, დავდგე მე რად! მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა მე რად?!

752. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკუდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქ ქნილსა, ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თუალთა მილსა.

ანდერძი ავთანდილისა, როსტევან მეფის წინაშე

753. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: “ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.

754. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყუარესა მოყუარულსა; მე სიტყუასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ჴორცსა, მერმე სულსა».

755. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყუარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა? არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგუეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

756. წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგუარ სწერენ? ვით იტყუიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყუარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!