ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

776. ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა, ზღუათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხუერპლსა შევსწირდე”.

777. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღუარნა; პატრონისა ვერა მჭურეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

778. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავყუე წამავალსა. არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ჴმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრთალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

779. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მაჴსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის გული.

780. “თუ რად გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქუამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესეგუარსა ნუოდის იქ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქუი და სიტყუა გააკვლადე”.

781. კულავ მოახსენა ვაზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთუალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კულავ ამის მეტად ნუ მასმენ, თუარა მე სრულად გელევი!”

782. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან თქუა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცა ღა კადრებს, მან კადროს; რაცა ვთქუი, მასცა ვინანი”.

783. რა ვაზირი არ შევიდა, კულავ მეფემან კაცი გზავნის; კაცმან სცნის და გარეთ დადგის, წასულა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭუი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქუა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

784. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი კრთა და ჰქონდა რიდი.

785. კულავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასულა მზე დაუდგრომლად, მთუარულად?” მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩუეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

786. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი; მოსთქუამს, იტყუის: “ვაი, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თუალნი რეტნი!” პირსა ხოჭით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისი მჭურეტნი; “სად წახუელ და სად დაკარგე სინათლისა ეგე სუეტნი?!

787. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყუის ენები!

788. ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რაღა უყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

789. ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რასომცა დია ირები: შენ შენი მშუილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუ თუ კულავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკუდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

790. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წუერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყუელაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქუეს: “ბნელი გუმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

791. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩუენმან შუქნი სრულად დაგუიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგუყარნა, რად გაგვწირნა, სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგუიჭირნა?”

792. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გუიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხუილიანად; ანდერძი კადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

793. მოაჴსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წუერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

794. რა ანდერძი წაიკითხეს, კულავ იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქურივნი სხუანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცეს გზანი!”