ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

680. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწუი ქნის ღარად და ღარად; იტყუის: “მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად; მიკუირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად? ვირე გნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

681. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია, დღეს საწუთრომან ლაჴუარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმითა დაამახია. აწყა ვსცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

682. ამას მოსთქუამს, ცრემლსა აფრქუევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ ამოსკუნით, ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს; საყუარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვაი, საწუთრო ბოლოდ თავსა სუდარებს, აზეწარებს!

683. ყმა მივიდა, საწოლს დაწუა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრამ ახლავს გონებითა საყუარელსა, არ მოსწყდების; ვით მწუანილსა თრთუილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

684. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო, ლხინთა მდომელი; გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თუით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა პატრონობს სიკუდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

685. რა გულსა უთხრა გულისა სიტყუანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიჴსნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყუისონი, პირსა დასდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

686. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მჴმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღუიძები, ძილ-ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

687. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყუა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა სრბოლა მიდამოდა; მას დღეს მათგან დანაღუარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

688. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახუდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყუნეს სრულნი!

689. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, კითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭუირს ბროლ-ლალი, და კბილთათ ელვა კრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელოდ ჴსენება არვისგან იკადრებოდა.

690. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყუარული უარებდის თუალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწუის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

691. წევს, იტყუის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭურეტელთა ნიშატო, ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახუასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

692. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კულავ გულსა ეტყუის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგუაროთა? თუ ლხინი გუინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

693. კულავ იტყუის: “გულო, რაზომცა გაქუს სიკუდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთუის თავისა დადება; მაგრა დამალე, არ გიჩნდეს შენი ცეცხლისა კულა დება, ავად შეფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი

694. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყუის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგუარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისას სახლსა მთუარე.

695. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემს ა მზეო ამოსრული, ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყუანი სცა, კადრა სრულსა ქება სრული: ჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

696. ყრმა გარდასუა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერჴთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქუეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერნა ქუენამ ბუქმან”.

697. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭურეტთა მისთუის ბნედა თავისათუის ისახელეს, სულ თქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

698. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყუის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.