ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

699. მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მისისა მჭირს მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ ჭურეტა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთუის სულნი არ შურდეს, შეზღუა ჴამს შეუზღველისა; ჴამს სიყუარული მოყურისა უხუისა, უშურველისა.

700. მისი ნახუა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაებადა; რადგან დასწუავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთუის დისა მართ დად უფრო დაებადა.

701. ოდეს წამოველ, შევფიცე ფიცითა საშინელითა: “კულავ მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასულისა, მით მწუავს ცეცხლითა ნელითა.

702. ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყუასა საკუეხელსა. მიმელის და ვერ მივსულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გაუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯუდა კაცთა, ფიცთა გამტეხელსა!

703. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს კადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყუი შენ ვაზირსა, ოსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!

704. კადრე: “ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან; მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწუა, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან.

705. აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქუს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხოლემ თუით სახელი თქუენ მოგხუდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

706. წასულა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქნას და გაგიმარჯუდეს, თქუენი თქუენკე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქუენმცა სუფევთ, თქუენი მტერი დაძაბუნდეს”.

707. კულავ პირ-მზე ეტყუის ვაზირსა: “მე სიტყუა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშუება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

708. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია; შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ შენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

709. თავმან მისმან, მუნვე მამკლავს, ვეჭუ , წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მამკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; არ ითქმის და ვერცა ვიტყუი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

710. გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მამკლავს: “ეგე სიტყუა ვითა სთქუიო? რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი ეგეთიო”. სჯობს სიკუდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწურთიო.

711. თუ მეფეცა გაგიშუებდეს, თუით ლაშქარნი რად მოღორდენ, რად გაგიშვან, რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩუენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ! ეგე ასრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

712. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჴამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვაზირო, შეგეტყუების, სიყუარული არ თურ იცი, ანუ სხუაცა არ გინახავს მოყურობა და არცა ფიცი, თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

713. მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ უშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცულად დღესა დაგუითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

714. მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყუეტლად ცრემლი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავსტეხო, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუჴდიან!

715. აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცუალე, ჴამს გაცუილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თუალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუ თუ ჩემგან მოჴმარება შენცა გინდეს.

716. არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა გნუკევ , ეგრე დავრთო გული ცეცხლსა მოსადებლად. ვიცი ჩემთუის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქუი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”.

717. ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ უჭურეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითა დაშავდების. ვიტყუი, მოვკუდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქუენ მოგხვდების”.

718. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოჴსენება ვერ შემართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.