ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

854. ეხუეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხუეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა; დაიმორჩილა, იამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

855. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყუანე ცხენი წინა”. მან მოგუარა, წყნარად შესუა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძურევინა, ცოტა წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩნინა.

856. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შუენიერთა, მისთუის ძურიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა; მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

857. რა შეატყვა მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა ახმან; ცნობიერი სიტყუა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

858. შერასმეყუეს საუბარსა, სიტყუა კადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგუარ გიყუარს, რაგუარ გიღირს? თქუი, დავიღო მერმე სული”.

859. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

860. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რადგან გითქუამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა: სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

861. სამჴრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყუიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი, პირველ, გლახ, მისი ნაჭურეტი, თუით მერმე შენი დობილი.

862. თქუენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქუენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქნილი ჴმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთუის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

863. მან უბრძანა: “რაცა გითქუამს, უმართლე ხარ მეტის მეტად; საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭურეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად; რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად”.

864. დამორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი, კბილნი ვითა მარგალიტნი, ბაგე ვარდი ნაპობარი; გუელსა ჴურელით ამოიყუანს ენა ტკბილად მოუბარი.

865. ამას ეტყუის: “შენთუის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა: არ იჴმარებ, რას ჴელსა ჴდი საუნჯესა დაფარულსა?

866. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნევდე, რა გერგების! არ თუ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკუდების? მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების. ბედი, ცდაა, გამარჯუება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხუდების”.

867. მოაჴსენა: “ეგე სწავლა ჩემთუის ყოვლად სოფლად ღირდეს. გონიერსა მწურთელი უყუარს, უგუნურსა გულსა გმირდეს. მაგრამ რა ვქმნა, რაგუარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკუირდეს?

868. ცუილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; რაცა ვისცა საქმე თუით სჭირს, სხვათათუისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგუარ დნების!”

მბობა ტარიელისა და ავთანდილისათვის ლომ- ვეფხვის დახოცვა

869. რა წამეკიდა, ყუელაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაპრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქუაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა.

870. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, გუანდეს რათმე მოყუარულთა, მათი ნახუა გამეხარნეს, მათ რა უყუეს ერთმანერთსა, გამიკუირდეს, შემეზარნეს.

871. ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამგზავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი.

872. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თუითო ტოტი ერთმანეთსა კრეს, სიკუდილსა არ დარიდნეს; გამორიდა ვეფხმან გული, დედათამცა განა იდნეს, ლომი მედგრად წაეკიდა, იგი ვერვინ დაამშუიდნეს.