ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

913. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ ვლიდეს შამბთა ეჯით; ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

914. ვაი, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყიან სადაურსა, სად აღუფხირი სადათ ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

915. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ჴმა მისწუდომია ცათამდის, იტყუის, თუ: “ღუარი სისხლისა კულაცა მდენია, კულაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

916. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა საჴმილსა, იწუის ცეცხლითა ჴშირითა; კულავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

917. ვარდი ჭკნებოდა, ღურებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟუარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთუის არ უმხნეოდა; იტყუის, თუ: “ბნელი რას მიკუირს, რადგან დაგაგდე, მზეო, და !”

918. მზესა ეტყუის: “მზეო, გიტყუი თინათინის ღაწუთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქუენ ანათობთ მთა და ბარად; ხელსა მალხენს ნახუა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?

919. თუე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგუამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს; წყლულსა დანა ვერა კურნებს, გაკუეთს, ანუ გაასივნებს”.

920. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყუის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სუესა, მე ნუ გამყრი საყუარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

921. “მოი, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ჴშირსა, შემამყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთუის ტირსა”.

922. ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთუის წყლულსა!

923. მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლაჴურითა შენითა, შეცამღებე და შემსუარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგუარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარს ლხენითა.

924. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწუა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშუენებ კეკლუცთა დაშუენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრსა დააგდებ, გაჴდი ცნობითა შმაგითა.

925. ჰე ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხუასა, მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წუასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკუეთ გაწლობილსა ტანსა, ტანსა ჩემსა ვით ლერწამსა.

926. “მოი, მთუარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთუის ვკუდები.

927. აჰა, მმოწმობენ ვარსკულავნი, შუიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუჰულ ჩემთუის ბნდებიან, მთუარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყუებიან. მას გააგონენ, რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან”.

928. აწ გულსა ეტყუის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგჴმობია, რას გარგებს მოკულა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელმქნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

929. თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყუის თუსა, ნუთუ მამხუდეს ნახუა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ დასწყუეტდის ცრემლთა რუსა, მისსა ჴმასა თანა ჴმაცა ბულბულისა გუანდის ბუსა.

930. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ჴმისა სიტკბოსაგან წყლით ქუანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაკუირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღუარისაებრ ცრემლნი სდიან.

მისულა ავთანდილისაგან ფრიდონისასა