ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

931. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღუისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღუასა; მოიცადნა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქუენ ამისსა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴრმალსა?”

932. მათ მოაჴსენეს: “ტურფაო სახითა და ნაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღუარი თურქთაა, მოსამზუღრე ფრიდონის მზღურებითა; ჩუენცა ვისნი ვართ, გიანბობთ, თუ ჭურეტით არ დავბნდებითა.

933. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

934. მოაჴსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგუხვდების მეფე ჩუენი მშვილდ ფიცხელი, მაჴუილ-ჴრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხუალ ნაკუთად სარო, ფერად ლალი; ვაო, რად დაგუწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

935. ყმამან უთხრა: “მიკუირს, ძმანო, რად ხართ ჩემთუის გულ მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი? თქუენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! ჩუენნი მჭურეტნი დავაშვენნით, ჩუენგან სხდიან მხიარულნი”.

936. კაცნი წავიდეს: დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა, ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წუიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

937. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან, ყმობდიან, მოეხვივნიან საჭურეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშუება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან, კითხის რა, უამბობდიან

938. მულღაზანზარს მიიახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა გვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისურიან და იზახიან, მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

939. კაცი ემთხუია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: “ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა; იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ შამბნარისა”.

940. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შუენება მის ყმისა ვთქუიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწუავს მზე ვითა, ნახოს მჭურეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

941. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, გარდაჴდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა

942. იგი რა ნახეს, მესროლთა სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხუეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ყუებოდეს, ვერცა კადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

943. მინდორსა შუგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ყუებოდა. ფრიდონს უკუირდა: “რა ქნესო”, მისთა სპათათუის წყრებოდა.

944. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახეო ისი სპანი, რა ქნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თუალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყუის თქმანი.

945. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. წა კადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად ფიცი ტარიელისი, თქუენს წინა მომგზავრებული”.

946. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად: “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

947. რა ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თუალთათ ცრემლნი გარდმოსცუივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

948. ფიცხლა ჩავლო იგი ქედი , ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, მან ესე თქუა: “თუ არ მზეო, ისი ვინ -ა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუჴდეს, ლხინმან ცრემლი აუფრქუინა.

949. მოეხუივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თუით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭურეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, მამკალ, ბაზარს სხუა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან.

950. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხუდებიან; მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან.