ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

757. ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა მძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწე ყოვლთა მიწიერთად, ვინ სამზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკუდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰჴდის წამის ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

758. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების. მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი ია ხმების, ვარდი ჭკნების, თუალთა ტურფა საჭურეტელი უცხო რადმე ეშუდინების; მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების!

759. რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცულა თქუენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყუე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასულა იყო წამალი ჩემთა საჴმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

760. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მამავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ უც ჴორციელსა განგებისა გარდავლენა.

761. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამჴდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქუენვე გნახო მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად; მას რა ვარგო, ესე ჩემთუის დიდებად და კმარის დავლად.

762. მეფეო, ესე თათბირი, მამკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასულამან თქუენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუები, ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

763. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გუიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ჴელმწიფესა სვიანსა, რა უარეა მამაცსა სულდიდსა, წასლვა გუიანსა?!

764. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის-მხმეჭელსა, შედრეკით შეშინებულსა და სიკუდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხუეჭა ყოველსა მოსახუეჭელსა!

765. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველნი სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკუდილი სახელოვანი!

766. მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქუენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერდგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახენ ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

767. თუ საწუთრომან დამამჴოს, ყოველთა დამამჴობელმან, ღარიბი მოვკუდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალე მლმობელმან.

768. მაქუს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღუწიან, მამიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

769. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთუის წასაგებლად, შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

770. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკუდარსა რაღა გარდმეჴდევის.

771. გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქუს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩუეულსა, ნუ დაადინებ თუალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

772. დასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილი ბნელითა. სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

773. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხუია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისაგან მასჯითას და გაპარვა

774. ილოცავს, იტყვუის: “მაღალო ღმერთო, ჴმელთა და ცათაო, ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მამეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო!

775. ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ფლობ ქვენათ ზესა, შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ აღმოფხური სიყუარულსა, მისგან ჩემთუის დანათესსა!