ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

719. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხუელ შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მამკლათ, რა გესმათ ამბავი გაკუირვებული.

720. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტს, და არცა დიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

721. რაცა იცოდა, ყუელაი ჰკადრა მოშიშრად ენითა; კულავ მოახსენა: “რამცა სცნა სიტყუითა ესოდენითა, თუ როგორ მყოფი მინახავს, თუ როგორ ცრემლთა დენითა, მართალ ხართ, თუმცა რისხუანი ჩემთუის იანასდენითა”.

722. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი კრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რა თქუის, შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა; ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

723. ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

724. ჴამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყუა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”.

725. კულავ უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკუეთ, არად უნდა ამას ცილი. წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყუა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

726. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, კრა კედელსა, შეალეწნა; დააცდუნვა, მაგრა მისთუის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიანბე წასულა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწუნი თეთრნი აახეწნა.

727. ვაზირმან, გლახ, გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინებს; გამოძურწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

728. თქუა: ”ცოდვათა ჩემთა მგზავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინმცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოაჴსენოს, ჩემნი დღენი მასცა ადგან, რაძინ ვითა გაისუენოს!”

729. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი გამჴადა მე მაშა ვითა, ვაი, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

730. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: მიკუირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! “ვინ, არ მისცეს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: “ქრთამი საუკუნოს ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

731. ვით გამჴადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა; რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თუით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკუირს, რად არ მამკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

732. მეცა ვიცოდი, რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქნილსა რისხუასა ვერავინ დარიდებია! შენთუის სიკუდილი ლხინად მჩანს, ჭირი არ გამცუდებია“.

733. ყმამან უთხრა: ”აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს. ჴამს, უძებნოს ცუარი წყლისა, მისთუის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოოს, რა ქნას, ანუ გული რათა დაიწყნაროს!

734. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

735. მოვაჴსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწუის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკუდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გაქარდების”.

736. მოიუბნეს. ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღუენი უძღუნა შუენიერსა შუენიერნი; მისნი მყოლნი აღაავსნა, მოყმენი თუნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წუერნი.

737. შესთუალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასაჴდლად რა ნაცუალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთუის მოვკუდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყუარული სიყუარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

738. მე ვითა ვთქუა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყუისი; ასრე უნდა მოჴმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თუისი.