... (Q-609), XIX ს.

797. აწყა დავიწყებ ამბავსა: მის ყმისა წამავლობასა: მივა და მიტირს გულმდუღრად: ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა: წამ წამ მობრუნდის იაჯდის: მისთვის მზისავე მზობასა: უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის: თუ მოხსნის მიხდის ცნობასა:

798. რა მიიახლის დაბნედად: ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად: მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან: მგზავსად წყაროსა დენისად: ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის: ღონედ პატიჟთა თმენისად: რა გაემართის არ იცის: მას თუ არბევდის ცხენი სად:

799. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი: კრულია ვინცა დადუმდეს: რადგან შენ დაგრჩა გონება: გული შენკენვე დაბრუნდეს: თვალთა მტირალთა შეხედვა: შენივე სწადდეს და უნდეს: სჯობს საყვარელსა მოყვარე: რაზომცა დაუძაბუნდეს:

800. მე რა ვქნა შენად შეყრამდი: ანუ რას მეჭუდე ლხენასა: თავსა მოვიკლავ მე თუმცა: შენგან არ ვეჭუდე წყენასა: მაგრა შენ გაწყენ ჩემისა: არ სიცოცოხლისა სმენასა: მოდი და მივსცნე ცოცხალმან: თვალნი ცრემლისა დენასა:

801. ტირს იტყვის დადვა კეშანი: ლახვარმან ჩემთვის ათმანო: ჰინდოთა რაზმან ჩემად კულად :თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო: თვალთა გიშერი აშვენებს: სათმან რად მამკლა სათმანო: ბაგე კბილო და თვალ წარბო: მამცემდი პატიჟთა თმანო:

802. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად: გთქვის მზიანისა ღამისად: ერთარსებისა ერთისა: მის უჟამოსა ჟამისად: ვის მორჩილობენ ციერნი: ერთის იოტის წამისად: ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე: შეყრამდის ჩემად და მისად:

803. ვის ხატად ღ~თისად გიტყჳან: ფილასოფოსნი წინანი: შენ მიშველე რა ტყვექმნილსა: ჯაჭვნი მაბიან რკინანი: ბროლ ბალახშისა მძებნელმან: სათნი დავკარგე: მინანი: მაშინ ვერ გავძელ სიახლე: აწ სიშორესა ვინანი:

804. ამას მოთსქმიდის იწოდის: ვითა სანთელი დნებოდის: დაყოვნებისა მოშიში: ისწრაფდის იარებოდის: რა შეუღამდის ვარსკვლავთა: ამოსულა იამებოდის: მას ამგსავსებდის ილხენდის: უჭურეტდის ეუბნებოდის:

805. მთვარესა ეტყვის იფიცე: სახელი ღ~თისა შენისა: შენ ხარ მამცემი მიჯნურთა: მიჯნურობისა სენისა: შენ გაქვს წამალი მისისა: მოთმინებისა თმენისა: მიაჯე შეყრა პირისა: შენ გამო შენებრ მშვენისა:

806. ღამე ალხენდის დღე სჯიდის: ელის ჩასვლასა მზისასა: რა წყალი ნახის გარდიხდის: უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა: მას თანა რთვიდის ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა: კულავ გაემართის ისწრაფდის: წასლვასა მისვე გზისასა:

807. მარტო მოსთქმიდის ტიროდის: ტანად ალვისა ხიანი: მინდორს თხა მოკლის სადაცა: ადგილი დახვდის კლდიანი: შეწვის ჭამის და წავიდის: პირ მზე გულ მარიხიანი: იტყვის დავყარენ ვარდნი: და აჰა მე ვაგლახიანი:

808. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა: მე მის ყმისა ნაუბარსა: მიუბნობდის რას მოთქმიდის: რას ტურფასა რაზომ გვარსა: ზოგან თოვლი გაეწითლის: ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა: ქვაბნი ნახნა გაეხარნეს: ზე გავიდა ქვაბთა კარსა:

809. რა ასმათმან დაინახა: მოეგება ცრემლი სწვთების: ვით იამა სიხარულსა: მართ ვეღარას ვერ მიხვდების: ყმა გარდახდა მოეხვია: აკოცებს და ეუბნების: კაცი კაცსა მოელოდეს: მოსლვა უცხო იამების:

810. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი: ნეტარ სად არის და ვითა: ქალი ატირდა ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა: ეტყვის რა წახველ გაიჭრა: ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა: აწ მისი არა არ ვიცი: არ ნახვით არ ამბავითა:

811. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე: ჰკრეს ლახვარი გულსა შუა: ქალსა ეტყვის აჰა დაო: ეგეთიმცა კაცი ნუა: იგი ფიცი ვით გატეხა: არ ვეცრუე ვით მეცრუა : ვერ იქმოდა რად მიქადა: თუ მიქადა რად მიტყუა:

812. თუ უმისოდ სოფელს ყოფა: რადგან ჭირად არ მიღირდა: რად დავვიწყდი რად მივსცილდი: რად ვერ გაძლო რა მისჭირდა: მან გატეხა ზენარისა: რად შემართა ვით გაჰპირდა: მაგრა ავის ბედისაგან: ჩემი რამცა გამიკვირდა:

813. კულავ ქალი ეტყვის მართლა ხარ: მაგისა დამძიმებასა: მაგრა რა გაბრჭო მართალი: ნუ მეჭუ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და: პირისა გასრულებასა: იგი უგულო მოელის: მართ დღეთა შემოკლებასა:

814. გული ცნობა და გონება: ერთმანერთზედან ჰკიდიან: რა გული წავა იგიცა: წავლენ და მისკენ მიდიან: უგულო კაცი ვერ კაცობს: კაცთაგან განაკიდიან: შენ არ გინახავნ არ იცი: მას რომე ცეცხლნი სწვიდიან:

815. შენ უმართლე ხარ ემდურვი: შენ გაეყარე ძმობილსა: მაგრა ვით ითქმის ვით გახდა: ვითა გიამბობ ცნობილსა: ენა დაშვრების გაცვდების: გულსა შეელმის ლმობილსა: ამას მით ვაზრობ მინახავს: მე უბედურსა შობილსა:

816. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი: არცა ვის ამბად სმენია: თუ არა კაცთა სასჯელი: ქვათაცა შენაძრწენია: დიჯლადცა კმარის მას რომე: თვალთაგან ცრემლი სდენია: თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია: