... (Q-609), XIX ს.

722. რა მეფემან მოისმინა: გაგულისდა გაუცნობდა: ფერი კრთა და გაცაშიშრდა: შემხედველთა შეაშთობდა: შეუზახნა რასთვის შმაგობ: მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა: ავსა კაცსა ურჩევნია: ავსამცა რას ადრე სცნობდა:

723. ვითომც რამე სიხარული: საქმე მითხარ ვითა ღადრად: მაგის მეტი რა ვინ მიყოს: თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად: შმაგო ენა ვით იხმარე: აწ მაგისად ჩემად კადრად: აგრე შმაგი არ ვეზირად: არად ვარგხარ არცა სხვად რად:

724. ხამსცა კაცმან პატრონისა: საწყინარსა არ დარიდნეს: ოდენ სიტყუა უმეცრული: უმეცრულად დაიყბედნეს: მე მაგისად მოსმენამდის: რად არ ყურნი შემებეჭდნეს: შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი: ჩემმან ქედმან მიიქედნეს:

725. კულავ უბრძანა თუცა მისგან:აწ არ იყავ მოგზავნილი: თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ: არად უნდა ამას ცილი: წა უკუდეგ ავი შმაგი: უმეცარი შლეგი წბილი: შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი: შაბაშ საქმე მისგან ქნილი:

726. დადრკა სკამნი შემოსტყორცა: ჰკრა კედელსა შეალეწნა: დააცთუნვა მაგრა მისთვის: აალმასნა არ აძეწნა: ვით მიამბე წასლვა მისი: ვინ ალვისა მორჩი ხე წნა: ვაზირისა ცრემლმან ცხელმან: ღაწვნი თეთრნი აახეწნა:

727. ვეზირმან გლახ გამორიდნა: მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს: გამოძრწა და გამომელდა: გულსა წყლულსა მოიმტკივნებს: შეის ხასობს გაის ქუშობს: ენა ასრე მოაყივნებს: მტერი მტერსა ვერას ავნებს: რომე კაცი თავსა ივნებს:

728. თქუა ცოდუათა ჩემთა მსგავსი: ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს: რად მოვღორდი რად დავბნელდი: ნეტარ ვინღა გამითენოს: ვინცა სხვა რა კადნიერად: პატრონსა რა მოახსენოს: ჩემნი დღენი მასმცა ადგან: რაძინ ვითა გაისვენოს:

729. ვაზირი გაწბილებული: მივა ბედითა შავითა: ავთანდილს უთხრა დაღრეჯით: პირითა გამქუშავითა: მადლი რა გკადრო აწ თქუენგან: გავხასდი მე მაშა ვითა: ვაი კარგი თავი უებრო: დავჰკარგე დავაშავითა:

730. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს: თუცა ცრემლსა არ იწყურვებს: მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ: რად არ გულსა შეიურვებს : ვინ არ მისცეს ქადებული: მოურავსა მოიმდურვებს: თქმულა ქრთამი საურავსა: ჯოჯოხეთსცა დაიურვებს:

731. ვით გამხადა რა მიბრძანა: არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე რა სირეგვნე: რა შლუობა რა შმაგობა: მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ: აღარა მიც თავსა ცნობა: ესე მიკვირს რად არ მამკლა: მისცა თურე ღ~თნ თმობა:

732. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქენ: ცთომით არ წამკიდებია: ვიაზრე გამიწყრებოდა: ჭმუნვა მით გამდიდებია: განგებით ქნილსა რისხვასა: ვერავინ დარიდებია: შენთვის სიკუდილი ლხინად მჩანს: ჭირი არ გამცუდებია:

733. ყმამან უთხრა აღარ წასლვა: არ ეგების ჩემგან აროს: იადონი მაშინ მოკუდეს: ოდეს ვარდმან იდამჭნაროს: ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა: მისთვის თავი ყოვლგნით აროს: ვერ უპოოს რა ქნას ანუ: გული რითა დაიწყნაროს:

734. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ: ჯდომასა: ვერცა წოლასა: მართ ნადირთაებრ გაჭრასა: ვირჩევ მათთანა რბოლასა: ასრე გასრულსა რად მნუკევს: მისთა მებრძოლთა ბრძოლასა: სჯობს უყოლობა კაცისა: მომდურავისა ყოლასა:

735. მოვახსენებ ერთხელ კულაცა: აწ რაზომცა მეფე წყრების: ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი: ვით იწვის და ვით ენთების: არ გამიშვებს გავიპარვი: რა იმედი გარდასწყდების: მე თუ მოვკუდე ჩემი კერძი: სოფელიცა გაქარდების:

736. მოიუბნეს ვაზირმან ქნა: ჭამა სმანი მათნი ფერნი: უმასპინძლა ძღვენი უძღვნა: შვენიერსა შვენიერნი: მისნი მყოლნი ავეავსნა: მოყმენი თუნდა ბერნი: გაიყარნეს ყმა წავიდა: სახლად ჩადგეს მზისა წვერნი:

737. შეკრა წითელი ასი ათასი: პირად მზემან და ტანად სარომან: სამასი თავი სტავრა ატლასი: უხვმან და მიუმხდარომან: სამოცი თვალი ლალ იაგუნდი: ფერად არ მათმან საურაომან: კაცი გაგზავნა ვეზირისასა: ესე ყველაი მისთვის არო მან:

738. შესთუალა თუ რაცა გმართებს: ვით მოგცე და ვით გაქონო: ვალთა შენთა გარდასახდელი: რა ნაცვალი მოვიგონო: თუღა დავრჩე შენთვის მოვკუდე: თავი ჩემი დაგამონო: სიყვარული სიყვარულსა: შეგიცალო შეგიწონო:

739. მე ვითა ვთქვა უებრობა: სიკეთე და ქება მისი: კაცი იყო საქმისაცა: შესაფერი შესატყვისი: ასრე უნდა სამსახური: ჰგავიდოდეს ვისცა ვისი: ოდეს კაცსა დაეჭიროს: მაშინ უნდა ძმა და თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა:

740. შერმადინს ეტყვის უბრძანებს: პირ მზე ნათელთა მფენელი: ესე დღე არის იმედი: ჩემის გულისა მლხენელი: შენგან თავისა შენისა: საჩემოდ გამომჩენელი: მქებრად ამბისა მათისა: ჴამს მკითხავი და მსმენელი: