ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

660. მზე მორჭმული ტახტსა ზედა ზის უკადრი, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხუად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბალახშსა აშუენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ჴამს აქებდეს ენა ბევრი!

661. ყმა მხიარული წინაშე დასუა სკამითა მისითა; სხედან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყუისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყუითა მქისითა; უთხრა: “პოვე, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

662. კადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ჴამს ჭირისა, ჟამ პირველ გარდასრულისა. ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მგზავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკლულისა.

663. მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მინები; იტყუის: “დავკარგე ვარდი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწუი, რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწუავს მოუთმინები”. მერმე კულავ ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

664. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთულის ჭირსა, მერმე კადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩანს, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

665. ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თუალნი მჭურეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

666. წურილად კადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქუაბი აქო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, “ვაი, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასუა ცრემლთა დენად!”

667. მზესა რა ესმა ამბავი, მიხუდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთუარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყუის: “რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

668. ყმა ეტყვის: “ვის აქუს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთუის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისულისა, მითქუამს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

669. ჴამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათუის, სიყუარული გზად და ჴიდად; კულავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

670. მზე ეტყუის: “მამხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხუელ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყუარულისა გაქუს , ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

671. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხუით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხუდების, რადგან შუება აქუს სოფელსა, თუით რად ვინ შეუწუხდების?

672. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ჴამს გასრულება მოყვრისა სიყუარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა - ცოდნა ხამს, უვიცისა, ჩემი თქუი, რა ვქნა ხელქნილმან, მზე მამეფაროს მე ცისა?”

673. ყმამან კადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყუარული, ქუეით კოცნა, მზისა წურვა, თუ გიახლო, ერთხელ ვაი და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

674. ვაი თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწუავს სად ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესურის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითღა სჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდაჴდა ჟამი პატიჟთა სამალი!

675. კულავცა კადრა:,, გავიგონე, შენ ამბავი რაცა ბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთუის სრულად დააგუანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.

676. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ჴელის მჴდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილ სა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულქნა მისი საწადელი, ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

677. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭურეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს: ვაი მოყუარისა გაყრილსა ახიო ეყოს, ახი, ოს!

678. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭურეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღუისაცა მეტის მეტითა. იტყუის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაი, ჩემთა სისხლთა ხურეტითა!”

679. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყურისა მოშორვება კულავ აბინდებს, არ აჩრდილებს.