... (H-741), XIX ს.

702. სისხლმან და ცრემლმან გარევით: ღაწვი ქნის ღარად და ღარად: იტყვის მზე ჩემგან თავისა: კმა დასადებლად აღარ: მიკვირს თუ გული ალმასი: შავმან წამწამმან დაღა რად ად: ვირე ვნახივდე სოფელო: მინდი სალხინოდ აღარად:

703. ვინ უწინ ედემს ნაზარდი: ალვა რგვით მორწყო მახია: დღეს საწუთრომან ლახვარსა: მიმცა დანასა მახია: აწ გული ცეცხლით ამივსებს: დაბმით დამაბა მახია: აწღა ვცან საქმე სოფლისა: ზღაპარია და ჩმახია:

704. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს: ათრთოლებს და აწანწარებს: გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით: მიხრის ტანსა მიახარებს: საყვარლისა სიახლესა: მოშორვება გაამწარებს: ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა: ასუდარებს აზეწარებს:

705. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა: ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების: მაგრა ახლავს გონებითა: საყვარელსა არ მოსწყდების: ვით მწვანვილსა თრთვილისაგან: პირსა ფერი მოაკლდების: ხედავთ ვარდსა უმზეობა: როგორ ადრე დააჩნდების:

706. გული კრულია კაცისა: ხარბი და გაუძღომელი: გული ჟამ ჟამად ყოველთა: ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი: გული ბრმა ურჩი ხედვისა: თვით ვერას ვერ გამზომელი: ვერცა პატრონობს სიკვდილი: ვერცა მეფეა რომელი:

707. რა გულსა უთხრა გულისა: სიტყვანი საგულისონი: მან მარგალიტი მოიხვნა: მის მზისა სამეყვისონი: მის მზისა მკლავსა ნაბამი: მათ კბილთა შესატყვისონი: პირსა დაიდვა აკოცა: ცრემლი სდის ვითა ბისონი:

708. რა გათენდა კაცი მივა: მომკითხავი დარბაზს მხმობი: ყმა წავიდა ლაღი ნაზი: ნაღვიძები ძილ ნაკრთობი: ერთმანერთსა ეჯავრვიან: დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი: მეფე მინდორს ეკაზმოდა: მოეკაზმა დაბდაბ ნობი:

709. მეფე შეჯდა მაშინდელი: ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს დაბდაბთა ცემისაგან: ყურთა სიტყვა არ ისმოდა: მზესა ქორნი აბნელებდეს: ძაღლთა რბოლა მიდამოდა: მას დღეს მათგან დანაღვარი: სისხლი ველთა მოესხმოდა:

710. ინადირეს შემოიქცეს: მხიარულნი მინდორს რულნი: შეიტანეს დიდებულნი: თავადნი და სპანი სრულნი: დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი: საჯდომნი და სრანი სრულნი: ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა: მომღერალნი იყვნეს სრულნი:

711. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ჰკითხვიდა ეუბნებოდა: ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი: და კბილთა ელვა ჰკრთებოდა: ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს: შორს ჯარი დაიჯრებოდა: უტარიელოდ ხსენება: არვისგან იკადრებოდა:

712. ყმა მივიდა გულმოკლული: ცრემლი ველთა მოედინა: მართ მისივე სიყვარული: უარებდის თვალთა წინა: ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის: ხელსა რადმცა დაეძინა: რაცა აჯა დათმობისა: გულმან ვისმცა მოუსმინა:

713. წევს იტყვის გულსა სალხინო: რამცაღა დაუსახეო: მოგშორდი ედემს ნაზარდო: ლერწამო და ხეო: შენთა მჭურეტელთა ნიშატო: ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო: ცხადად ნახვას არა ღირს ვარ: ნეტარმცა სიზმრად გნახეო:

714. ამას მოსთქმიდის ტირილით: ცრემლისა დასაღვაროთა: კვლავ გულსა ეტყვის დათმობა: ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა: არ დავთმოთ რა ვქნათ სევდასა: მითხარ რა მოუგვაროთა: თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან: ჭირნიცა შევიწყნაროთა:

715. კვლავ იტყვის გულო რაზდენცა: გაქვს სიკვდილისა წადება: სჯობს სიცოცხლისა გაძლება: მისთვის თავისა დადება: მაგრა დამალე არ გაჩნდეს: შენი ცეცხლისა კვლა დება: ავად შეჰფერობს მიჯნურსა: მიჯნურობისა ცხადება:

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა:

716. რა გათენდა შეეკაზმა: ყმა გავიდა ადრე გარე: იტყვის ნეტარ მიჯნურობა: არ დამაჩნდეს დაცავფარე: დათმობასა ეაჯების: გულსა შენ რა მოუგვარე: ცხენსა შეჯდა წამოვიდა: ვაზირისა სახლსა მთვარე:

717. ვეზირმან სცნა გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული: ამას თურმე მახარებდა: დღეს ნიშანი სახარული: მიეგება თაყვანისცა: ჰკადრა სრულსა ქება სრული: ხამს სტუმარი სასურველი: მასპინძელი მხიარული:

718. ყრმა გარდასვა მასპინძელმან: არ ღაფალმან ავმან უქმან: ფერხთა ქვეშე ხატაურსა: უფენენ და მიწად უქმან: ყმამან სახლი განანათლნა: ვით სამყარო მზისა შუქმან: თქვეს სურნელი სული ვარდთა: დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან:

719. დაჯდა მისთა შემხედველთა: გული მათი მართლად ხელეს: მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა: თავისათვის ისახელეს: სულთქმა ბევრი აათასეს: აღარა თუ აერთხელეს: გაყრა ბრძანეს გაიყარნეს: ჯალაბობა გაათხელეს:

720. რა ჯალაბი გაიყარა: ყმა ვეზირსა ეუბნების: ეტყვის შენი დამალული: დარბაზს არა არ იქნების: რაცა გწადდეს საურავი: მეფე იქმს და შენ გეთნების: გაიგონე ჭირი ჩემნი: მკურნე რაცა მეკურნების: