... (H-925), XVIII ს.

761. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუმცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერ მჭვრეტელმან ყმამან რამცა გაიხარნა

762. აწ ანბავი სხვა დავიწყო ყმასა წავყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰ გავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვაზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვის წასვლისა

763. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და განმარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე შენ ვეზირი გულის გული

764. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუოდის იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქუი და სიტყუა გააკვლადე

765. კვლავ მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

766. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან კადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი

767. რა ვეზირი არ შევიდა კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქუა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

768. თავდადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

769. კვლავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან კითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

770. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტისმეტნი მოსთქვამს იტყუის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თუალნი რეტნი პირთა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წახველ და სად დაკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

771. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყუის ენები

772. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭეურსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რა გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

773. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

774. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

775. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად გაგვყარნა რად გაგუწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

776. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი კადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

777. მოახსენა საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

778. რა ანდერძი წაიკითხეს კვლავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცეს ღმერთმან გზანი

წასვლა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა