... (H-925), XVIII ს.

შერმადინის საუბარი ოდეს გაიპარა

724. შერმადინს ეტყვის უანბობს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი

725. იტყუის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ვცოცხალ ვარ ნურცა გარე ნურცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა

726. თუმცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს კრთების კუშტობს ვახშობს უშობს

727. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოხმარება მისად რგებად ველთა რბენა

728. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

729. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი კვლა გავლენა გააკვლადე

730. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

731. ესე ესმა შერმადინსა ცხელი ცრემლი თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი მაგრამ რა ვქმნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარო რაცა გინდი

732. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი

733. შიგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოხდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდევ ვინმც მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

734. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულისდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

735. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მისჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გავუშვივარ დავდგე მე რად მას თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა მე რად

736. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამაზედა ატირებდი დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

737. დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად

738. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლათქმულსა სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა»

739. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა მე რად გავწირო მოყუარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა

740. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი როგორ სწერენ ვით იტყუიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღგვამაღლებს» ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შეაჯერენ

741. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გახდის წამისყოფით ერთსა ასად ასსა ერთად