ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

638. “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუჴლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: და “ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირ ეს!”

639. “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, და ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

640. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგე ცხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენი რადმცა გავკიცხენი? და თვით ამანვე მოგაწონოს საჴედრობა სიფიცხენი”.

641. “ფრიდონ გამამყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. და გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

642. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა, ზღვათა გარე, მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; და გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე.

643. “ვთქვია, თუ: “ჩემი აღარაა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუ მყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: და “ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

644. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა!” რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, და მითხრეს: “ჰაი ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

645. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა! ნუთუ ღმერთმან არ გაგუყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა! თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა”. და თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არა ღაფალსა.

646. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. და გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქუე მინდორნი და ზე მთანი.

647. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვჰპოვე, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყუიდენ, ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს, მათ მონანი დამიჴოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; და საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

648. “დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა; მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა; მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა, და და ასნი ერთ-კერძთა მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

649. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მამისახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს; და რათგან თავი არ მამიკლავს, ჴრმალი ცუდად მომიმახავს.

650. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მჴსენები; და სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

651. აწ ათია წელიწადი ინდოეთით რა წასრულა, მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა აჰა, მიკვირს, ალმასისა გული გასძლებს ამა სრულსა და ყმამან პირსა ჴელი იკრა, რა ამბავი დაასრულა.–

652. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აახეწა, ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ სახე წა; და მერე ქალმან დაადუმა, მუჴლ მოყრილი შეეხვეწა.

653. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან, და აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

654. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მამეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების და შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

655. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უჴმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი; მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მამდებარი: და სხვამან სხვისა უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

656. “რაცა გითხრა, მამისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი. და აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

657. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვაჴსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკუი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, და ერთმანერთი არ გავსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.