ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

658. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, და ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო”.

659. მან მიუგო: ”უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი! და ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

660. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს; თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! და შენმან ჭვრეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა, მითხოს!”

661. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, და მას ღამესა ერთგან იყუნეს შვენიერნი ამხანაგნი.

662. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქნას, ამას ვერ მიმხვდარა; და ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

663. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა, მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსლვასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; და მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

664. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქ საქმესა დასაგვანსა, და შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

665. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ჴელი მისი გაამხოკლა, სისხლსა მისგან დადენილსა, მჴეცნი ყოვლი გაამლოკლა; და მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

666. მუნ მივიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს. ნახეს, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლა თავნი მისკენ არნეს: და “მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!”

667. გაეგება, მოეხვია, ზედა დასვდა პირი ჴელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდეს ველთა მრწყველსა; ესე თქვა თუ: “ ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვარ თუ, ანუ ბნელსა? და მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!”

668. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასვდა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!" დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს-ა, და ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

669. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგას მუნა გებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი და შვებული. და ენა მის დღისა შვებასა ყოლე ვერ იტყვის კრებული.

670. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული, ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ დაფახული: და “უმისოდ მყოფსა სწორად მჩანს ჩემთვის დარბაზი და ხული”

671. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოაჴსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა, და ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

672. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა ქნად კვლა ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. და მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

673. შესთვალა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდი თავსა ფლიდებით, და აწ ვსცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

674. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. და ბრძანა: “ვსცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

675. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა, და მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

676. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მამავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ მჴურვალსა, და დიდებულთა ჯარისაგან ზოგი გვანდა ვითა მთვრალსა.